კათოლიკოს-პატრიარქი შიო lll მზექალა შანიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს მიმართავს:
„რაოდენ სასიხარულოა, რომ ღვაწლმოსილი მეცნიერის იუბილე აღინიშნება სწორედ გელათის მეცნიერებათა აკადემიის ეგიდით გამართული საერთაშორისო სამეცნიერო შეკრებით, რომელიც აერთიანებს ქართველ და უცხოელ მკვლევრებს და ეძღვნება იმ სფეროებს, რომელთა განვითარებაშიც უმნიშვნელოვანესია ქალბატონი მზექალას წვლილი.
მისი საუკუნოვანი ცხოვრებისა და მოღვაწეობის გზა არის სიმბოლო ქართული ენისა და სამშობლოს სულიერ-კულტურული საგანძურის ერთგული მსახურებისა. მსოფლიო მნიშვნელობისაა მისი სამეცნიერო და აკადემიური საქმიანობა.
ჩვენი ერისა და ეკლესიისთვის განსაკუთრებით ძვირფასია ამაგდარი მეცნიერის კვლევები, რომლებიც ფსალმუნთა ძველ ქართულ თარგმანებს, დავით აღმაშენებლის მემატიანის ტექსტსა და წმინდა წერილის ძველი ქართული რედაქციების კვლევა-გამოცემას ეძღვნება. მის სამეცნიერო მოღვაწეობაში გამორჩეული ადგილი უჭირავს სინას მთის წმინდა ეკატერინეს მონასტერში დაცული ქართული ხელნაწერების შესწავლას.
აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ მისი კავშირი გელათის მეცნიერებათა აკადემიასთან, რომლის სამეცნიერო სივრცეში ქალბატონმა მზექალამ მრავალი ნაშრომი და სტატია შექმნა, თავისი ცოდნითა და გამოცდილებით იგი დღემდე ღირსეულად ემსახურება აკადემიის მდიდარი საგანმანათლებლო და სამეცნიერო ტრადიციის განვითარებას.
საგულისხმოა ისიც, რომ დღევანდელი კონფერენციის პროგრამაში ადგილი ეთმობა ფსალმუნთა ტექსტოლოგიურ კვლევებს, გამოცემის საკითხებსა და ძველი ტექსტების შესწავლას. ეს შეხვედრა არა მხოლოდ პატივს მიაგებს ძვირფასი მეცნიერის განუზომელ ღვაწლს, არამედ ერთგვარად აგრძელებს მის სამეცნიერო გზასაც.
ვულოცავთ მრავალი თაობის აღმზრდელსა და სახელოვან მეცნიერს – ქალბატონ მზექალა შანიძეს – საიუბილეო თარიღს და მადლობას ვუხდით იმ „კეთილი ღვაწლის მოღვაწებისთვის“ (II ტიმ. 4, 7), ეროვნულ საუნჯედ რომ ექცა ჩვენს ქვეყანას.
მადლიერებით მივესალმებით და ვლოცავთ გელათის მეცნიერებათა აკადემიის თითოეულ წევრს, კონფერენციის ორგანიზატორებს, ყველა მონაწილესა და სტუმარს, რომელთა სამეცნიერო სიტყვა და ნაყოფიერი მუშაობა ღირსეულ პატივს მიაგებს იუბილარის მრავალწლიან სამეცნიერო მემკვიდრეობას.
უფალმა დალოცოს ქალბატონი მზექალა და მიმადლოს მას ჯანმრთელობა, მხნეობა და ძალა, რათა კვლავაც დაუღალავად იღვაწოს სამშობლოს საკეთილდღეოდ”, – აღნიშნულია პატრიარქის მიმართვაში.




