საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, კულტურის ახლად დანიშნული მინისტრი მაია ბითაძე სამინისტროს თანამშრომლებს წარუდგინა.
„ჩვენთვის ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი იყო, რომ სათანადო მართვის გამოცდილების მქონე ადამიანი ჩასდგომოდა სათავეში კულტურის სამინისტროს. ჩვენთვის კულტურა არის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტი და გვინდა, ფუნდამენტურ ცვლილებებს მივაღწიოთ მომდევნო წლების განმავლობაში კულტურის სფეროში. უამრავი გამოწვევაა სხვადასხვა მიმართულებით. ეს გამოწვევები გლობალურ გამოწვევებთანაც არის დაკავშირებული. ვფიქრობთ, ბევრი მიმართულებით არის შესაძლებელი, მივაღწიოთ საფუძვლიან წინსვლას. ქართული კულტურის უკლებლივ ყველა დარგი ჩვენთვის პრიორიტეტულია და დარწმუნებული ვართ, ქალბატონი მაია ძალიან დიდი გულისხმიერებით უხელმძღვანელებს კულტურის სამინისტროს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მთავრობის მეთაურს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა მაია ბითაძემ და აღნიშნა, რომ კულტურის მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მისთვის დიდი პასუხისმგებლობაა.
„ძალიან კარგად ვიაზრებ, თუ რაოდენ დიდია პასუხისმგებლობა, რომელიც მეკისრება და დიდი იმედი მაქვს, ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ იმ იმედების გამართლებას, რაზეც პრემიერი საუბრობდა. როგორც მოგეხსენებათ, საჯარო სამსახურში და არა მხოლოდ, მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება მაქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი განვლილი კარიერა კულტურის სფეროსთან დაკავშირებული არ იყო, იმედი მაქვს, ძალიან მალე შევძლებთ, ზუსტად, სტრუქტურირებულად დავიწყოთ იმ ძირითადი ამოცანების შესრულება, რაც უკვე დაგეგმილი აქვს საქართველოს მთავრობას“, - აღნიშნა მაია ბითაძემ.
შეხვედრას კულტურის სამინისტროს დეპარტამენტებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.








