საფრანგეთის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციამ გააკრიტიკა 2024 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის ორგანიზატორები პარიზში „ქრისტიანობის დაცინვის სცენებისთვის“. შესაბამისი განცხადება შაბათს, 27 ივლისს გავრცელდა.
კათოლიკურ ორგანიზაციაში არ აკონკრეტებენ, რომელ სცენებზეა საუბარი. აჟიოტაჟი, სავარაუდოდ, გამოიწვია ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონიის ეპიზოდმა, სახელწოდებით "ზეიმი", რომლის დროსაც მოცეკვავეების ჯგუფი და დრაგ ქუინები ისხდნენ პოზებში, რომლებიც მოგვაგონებდა იესოს ბოლო ვახშმის სურათებს. იესო ქრისტეს ადგილას იყო აქტივისტი, დიჯეი და ღიად ლესბოსელი ბარბარა ბუჩი.
სასულიერო პირებმა თავიანთ წერილში აღნიშნეს, რომ თამაშების გახსნის ცერემონიალმა მაყურებელს "სილამაზის, სიხარულის, მდიდარი ემოციების მშვენიერი მომენტები მოუტანა და საყოველთაო აღტაცება მიიღო".
ანალოგიური მოსაზრება გამოთქვა გერმანიის კათოლიკე ეპისკოპოსთა კონფერენციამ.
ცერემონია გააკრიტიკეს საფრანგეთის კონსერვატორმა და ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსებმაც. მემარჯვენე საფრანგეთის ეროვნული პარტიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჟიულიენ ოდულმა ცერემონიას "ფრანგული კულტურის მარცხი" უწოდა.
უკმაყოფილების ტალღას შეუერთდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი, რომელმაც განაცხადა, რომ თამაშების გახსნამ პარიზში აჩვენა „დასვლური სამყაროს სისუსტე და კოლაფსი“. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ ეს ღონისძიება იყო "ქრისტიანების წმინდა ისტორიის დაცინვა" და "დიდი გეი-აღლუმი". ამერიკელმა მეწარმემ ილონ მასკმა ოლიმპიადის გახსნის ცერემონიას „ქრისტიანების მიმართ უკიდურესი უპატივცემულობა“ უწოდა.