უეფას ერთა ლიგის ბოლო ტურში საქართველომ ჩეხეთში წააგო და B-1 ჯგუფში მესამე ადგილი დაიკავა.
უეფას ერთა ლიგის რეგლამენტის თანახმად B ლიგის ჯგუფებში მესამე ადგილზე გასული გუნდები C ლიგის ჯგუფებში მეორე ადგილზე გასულ გუნდებთან დაწყვილდებიან და გამარჯვებული მომავალ გათამაშებაში B ლიგაში იასპარეზებს.
დღემდე დანამდვილებით იყო ცნობილი C ლიგის სამი მეორეადგილოსანი, დღეს კი ცნობილი გახდა, რომ უეფამ რუმინეთის და კოსოვოს შეხვედრაში, რომელიც დამატებითი დროის მე-15 წუთზე მას შემდეგ შეწყდა, რაც კოსოვოს გუნდის ფეხბურთელები მინდორზე არ დაბრუნდნენ, გამარჯვება რუმინეთს მიაკუთვნა და ჯგუფში პირველ ადგილზე რუმინეთი აღმოჩნდა, მეორეზე კი კოსოვო.
უეფას რუმინეთს ტექნიკური გამარჯვება (3:0) ჩაუთვალა და ამასთან ერთად,სხვადასხვა ინციდენტის გამო, ჯამში 128 ათასი ევროთი დააჯარიმა. გარდა ამისა, რუმინეთი პირველ თამაშს, რომლის ორგანიზატორის როლშიც რომინეთის ფეხბურთის ფედერაცია იქნება, მაყურებლის გარეშე ჩაატარებს. კოსოვო უეფამ 6000 ევროთი დააჯარიმა.
რუმინეთის სპორტული პრესის თანახმად, პირველი მატჩი, რომელსაც რუმინეთის ნაკრები ჩაატარებს და ორგანიზატორის როლში რუმინეთის ფეხბურთის ფედერაცია იქნება, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი თამაშია და ახლა რუმინეთს ამ სანქციისგან თავის არიდების ერთადერთი გზა აქვს დარჩენილი. კერძოდ, რუმინეთის ფეხბურთის ფედერაციამ 5 დღის ვადაში (სავარაუდოდ, უეფას სანქციის ძალაში შესვლამდე - „აიპრესი") უნდა შეძლოს მოლაპარაკება რომელიმე ქვეყნის ეროვნულ ნაკრებთან, რათა რუმინეთში, მარტამდე, ამხანაგური მატჩი ჩატარდეს.
ამრიგად, საქართველოს მეტოქე პლეი ოფში შესაძლოა იყოს სლოვაკეთი, კოსოვო, ბულგარეთი ან სომხეთი.