ნიუ-იორკში სწრაფ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა.
ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ინდოელმა ჰამპი კონერუმ მოიპოვა. მანნ თერთმეტი შესაძლებლობიდან 8,5 ქულა დააგროვა და 0,5 ქულით აჯობა მომდევნო ექვს ადგილზე გასულ მოჭადრაკეებს: ჟუ ვენჟუნს (ჩინეთი), კატერინა ლაგნოს (ფიდე, რუსეთი), ტან ჟონგს (ჩინეთი), ჰარიკა დრონავალის (ინდოეთი), ალექსანდრა კოსტენიუკს (შვეიცარია) და აფრუზა ხამდამოვას (უზბეკეთი).
ქართველ მოჭადრაკეთაგან საუკეთესო იყო ნინო ბაციაშვილი, რომელმაც 6,5 ქულით 22-ე ადგილი დაიკავა.
სხვა ქართველ მოჭადრაკე ქალთა შედეგები ასეთია:
31. ნანა ძაგნიძე - 6,5 ქულა
54. ინგა ჭარხალაშვილი - 5,5 ქულა
73. ლელა ჯავახიშვილი - 5 ქულა
76. ბელა ხოტენაშვილი - 5 ქულა
91. სალომე მელია - 4 ქულა
ჩემპიონატში სულ 110 მოჭადრაკე მონაწილეობდა.
ღია პირველობის გამარჯვებული ფიდეს სახელით მოასპარეზე 18 წლის რუსი ვოლოდარ მურზინი გახდა. მან 13 შესაძლებლობიდან 10 ქულა დააგროვა, ნახევარი ქულით მეტი, ვიდრე მეორე და მესამე ადგილზე გასულმა თანამემამულეებმა, ალექსანდრ გრიშჩუკმა და იან ნეპომნიაშჩიმ.
6,5 ქულით 103-ე ადგილზე გავიდა მერაბ გაგუნაშვილი, 6 ქულით კი 115-ე იყო ნიკოლოზ კაჭარავა.
მაგნუს კარლსენი, რომელიც ორგანიზატორებმა 8 ტურის შემდეგ მოხსნეს შეჯიბრებიდან, 5 ქულით 148-ე ადგილზეა.
ღია პირველობას სულ 180 მონაწილე ჰყავდა.
ხვალ მოჭადრაკეები ელვისებურ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონის წოდების მოსაპოვებლად ჩაებმებიან ასპარეზობაში და ქალები 11 ტურის, ღია პირველობის მონაწილეები კი 13 ტურის შედეგების მიხედვით რვა-რვა საუკეთესოს გამოავლენენ.
31 დეკემბერს მოჭადრაკეები მეოთხედფინალებში დაწყვილდებიან და ჩემპიონობისთვის ბრძოლას ოლიმპიური სისტემით გააგრძელებენ.