გასტრონომიის ეროვნულმა სააგენტომ დარგობრივი შეხვედრები დაიწყო. პირველ შეხვედრაში, რომელიც ქართული ყველის ტრადიციული წარმოების საკითხებს მიეძღვნა, გასტრონომიის მკვლევრები, ყველის მწარმოებლები, ფერმერები, მეცნიერები, დარგობრივი ასოციაციების და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
შეხვედრაზე ქართული ყველის წარმოების მრავალფეროვანი ტრადიციების დაცვის, მათი შესწავლის, დოკუმენტირებისა და პოპულარიზაციის საკითხებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სხვადასხვა რეგიონში არსებული უნიკალური ცოდნისა და პრაქტიკის შენარჩუნებას, ასევე დარგის განვითარების შესაძლებლობებს.
“გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს ინიციატივაა საქართველოში ყველის დამზადების მრავალფეროვანი ტრადიციების არამატერიალურ კულტურულ მემკვიდრეობად აღიარება. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესია, როგორც დარგობრივი სახელმწიფო უწყებების, ასევე სამეცნიერო საზოგადოების და, უშუალოდ, ყველის ტრადიციული მწარმოებლების, ასოციაციებისა და თემების ერთობლივი ძალისხმევა. ეროვნული ნომინაციის მომზადება საკმაოდ რთული და კომპლექსური პროცესია. სათანადო ყურადღება უნდა დაეთმოს, როგორც ისტორიას, ასევე დარგის ამჟამინდელ მდგომარეობას”,- განაცხადა გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან ქარუმიძემ.
ქართული ყველის ტრადიციული წარმოების ეროვნული აღიარების მიმართულებით მუშაობასთან ერთად, შეხვედრაზე განიხილეს ასევე სამომავლოდ მისი UNESCO-ს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში წარდგენის შესაძლებლობაც.
შეხვედრის მონაწილეებმა სააგენტოსთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვეს და დარგის განვითარების საჭიროებებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა ქართული ყველის ავთენტურობის დაცვის მექანიზმების შექმნის, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და მწარმოებელთა მხარდაჭერის აუცილებლობას.
„დღევანდელმა შეხვედრამ კიდევ უფრო გამიმყარა იმედი, რომ გასტრონომიის ეროვნული სააგენტოს შექმნა მნიშვნელოვანი და დროული გადაწყვეტილება იყო - სახელმწიფოს, მეწარმეების, მკვლევრების, მეცნიერების, ეთნოგრაფებისა და არქეოლოგების ერთ სივრცეში გაერთიანება, რათა ყველის მიმართულებით არსებული საკითხები ერთობლივად გადავჭრათ. საქართველოში ჯერ კიდევ უამრავი ყველი და რძის პროდუქტი გვაქვს აღმოსაჩენი, შესასწავლი და დასარეგისტრირებელი. მნიშვნელოვანია, რომ ამ ყველაფერმა ერთი ქოლგის ქვეშ მოიყარა თავი. სააგენტოსგან დიდ მხარდაჭერას ველოდები და ვფიქრობ, ასეთი ინსტიტუტის არსებობა დარგის წარმომადგენლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა საქართველოს ყველის მწარმოებელთა გილდიის თავმჯდომარე ანა მიქაძე-ჩიკვაიძემ.
გასტრონომიის ეროვნული სააგენტო დარგის განვითარების ხელშეწყობის, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებისა და თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, სხვადასხვა მიმართულების სპეციალისტებთან, ასოციაციებისა და ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მომავალშიც აქტიურად განაგრძობს.








