საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო რაგბის ერთა თასის მატჩში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე აშშ-ის ნაკრები დაამარცხა.

საქართველო – აშშ 38:10

საქართველო

ლელო – ივანიშვილი (2), შველიძე, ტაბუცაძე (2), პაპუნაშვილი;

გარდასახვა – მატკავა (4);

სინბინი – კახოიძე, გიგაშვილი.

აშშ

ლელო – რაიანი;

გარდასახვა – ჰილსენბეკი;

ჯარიმა – ჰილსენბეკი;

სინბინი – ლოპეტი.

შეხვედრას „ბორჯღალოსნები“ ევროპა-აზია-აფრიკის, ხოლო აშშ ამერიკა-წყნარი ოკეანის ჯგუფის ჩემპიონების რანგში შეხვდნენ.

ანგარიში ამერიკელებმა საჯარიმო დარტყმით გახსნეს, აღსანიშნავია, რომ იმ მომენტში საქართველოს ნაკრები მოედანზე კაცნაკლული იყო – არბირტმა თორნიკე კახოიძე გაასინბინა და მეტოქემ ამ უპირატესობით ისარგებლა.

„ბორჯღალოსნები“ 28-ე წუთზე ლუკა ივანიშვილმა დააწინაურა, მის მიერ დადებული ლელო მატკავამ ზუსტად გარდასახა – 7:3.

პირველი ნახევრისთვის განკუთვნილ დროში საქართველოს ნაკრებმა კიდევ ერთი ლელოს დადება მოახერხა, თავი გიორგი შველიძემ გამოიჩინა, გარდასახვისას მატკავა კვლავ ზუსტი იყო და პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა 14:3 მოიგო.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრების უპირატესობა კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდა, რაც ლელოებშიც აისახა. საბოლოოდ, „ბორჯღალოსნებმა“ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს და მსოფლიო რაგბის ახალი ტურნირი, ერთა თასი, წაგების გარეშე დაასრულეს.