ბაქოში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეები ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებელ ბოლოსწინა ტურნირში ასპარეზობენ.

წინა ორ სალიცენზიო ტურნირზე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციამ ლიცენზია ვერცერთ წონაში ვერ მოიპოვა და ბაქოში ექვსივე წონით კატეგორიაში ჰყავდა წარდგენილი ლიცენზიის მაძიებელი.

60 კგ წონაში ლერი აბულაძემ საკვალიფიკაციო წრეში ლატვიელი ალექსანდრს იურკიანსი 5:3 დაამარცხა, შემდეგ რუმინელ რაზვან არნაუტს 10:1 მოუგო და მეოთხედფინალში ნეიტრალური სტატუსით მოასპარეზე რუსეთის წარმომადგენელს, ანვარ ალახიაროვთან 0:4 დამარცხდა.

ლიცენზიისთვის ბრძოლას აგრძელებენ ვიქტორ ჩობაუ (მოლდოვა), გლებ მაკარანკა (ბელარუსი), ანვარ ალიახაროვი (ნეიტრალური სტატუსი რუსეთი) და ენეს ბაშარი (თურქეთი). 

67 კგ წონაში დიეგო ჩხიკვაძემ რუმინელ მიჰაი რადი მიჰუტთან 1:2 წააგო.

ლიცენზიისთვის ბრძოლას აგრძელებენ კრისტიან იშტვან ვანჟა (უნგრეთი), ფარვიზ ნასიბოვი (უკრაინა), გევორგ სააკიანი (პოლონეთი) და მამადასა სილა (საფრანგეთი), 

77 კგ წონაში მეორე ნომრად განთესილმა იური ლომაძემ შვედ პერ ალბინ ოლოფსონთან 1:3 წააგო.

ლიცენზიისთვის ბრძოლას აგრძელებენ ბურჰან აბდუბაკი (თურქეთი), ალექსანდრინ გუცუ (მოლდოვა), ზოლტან ლევაი (უნგრეთი) და ჯონი კუნარი სარკინენი (ფინეთი)

87 კგ წონით კატეგორიაში გურამ ხეცურიანმა 7:10 წააგო რუმინელ ნიკუ სამუელ ოჯოგთან. 

ლიცენზიისთვის ბრძოლას აგრძელებენ ტურპალ ბისულტანოვი (დანია), ალექსანდრ კომაროვი (სერბეთი), მილად ალირზაევი (ნეიტრალური სტატუსი, რუსეთი) და კირილ მასკევიჩი (ნეიტრალური სტატუსი, ბელარუსი).

97 კგ წონაში რობერტ კობლიაშვილმა 2018 წლამდე საქართველოს სახელით მოასპარეზე ნიკოლოზ კახელაშვილთან შეხვედრაში 4:1 გაიმარჯვა, ნორვეგიელ ფელიქს ბალდაუფთან კი ბოლო წამებზე სცადა გადამწყვეტი ქულის მოპოვება მეტოქის ხალიჩის გარეთ გაყვანით. ნორვეგიელმა იგრძნო, რომ წრეში დარჩენას ვერ ახერხებდა და ხალიჩის გარეთ ისე დაეცა, თითქოს ილეთი ჰქონდა წამოწყებული და ვერ შეძლო. მსაჯები მისი ეშმაკობით არ მოტყუვდნენ და კობლიაშვილს ტექნიკური ქულა (მეტოქის ხალიჩის გარეთ გაყვანისთვის) მისცეს. ნორვეგიელის პროტესტი არ დაკმაყოფილდა და გამარჯვება ქართველ სპორტსმენს დარჩა. ნახევარფინალში იგი გერმანელ ლუკას ლაზოგიანისს შეხვდება.





მეორე ნახევარფინალურ შეხვედრაში ლიცენზიას ერთმანეთს მიხეილ ქაჯაია (სერბეთი) და მინდაუგას ვენკაიტისი (ლიეტუვა) შეეცილებიან.

130 კგ წონაში სულხან ბუიძემ პირველი შეხვედრა უკრაინელ ოლექსანდრ ჩერნევიცკის 2:1 მოუგო და მეოთხედფინალში რუმინელ რუმინელ ალინ ალექსუკ ჩიორარუსთან 2:3 დამარცხდა.

ლიცენზიისთვის ბრძოლას აგრძელებენ იელო კრამერი (გერმანია), ალინ ალექსუკ ჩიორარიუ (რუმინეთი), სერგეი სემიონოვი (ნეიტრალური სტატუსი, რუსეთი) და ბექა კანდელაკი (აზერბაიჯანი)

ამრიგად, სამი ქვეყნისთვის - საქართველოსთვის, აზერბაიჯანისთვის და სერბეთისთვის -  ოლიმპიური ლიცენზიის მოსაპოვებლად ბრძოლას სამი ქართველი მოჭიდავე აგრძელებს