ქართველი მოფარიკავე, სანდრო ბაზაძე "ლიდერპორტთან" ინტერვიუში ოლიმპიადაზე მის ასპარეზობაზე საუბრობს და ამბობს, რომ მის მიმართ არასწორი მსაჯობა განხორციელდა. 

"იმაში ვარ დარწმუნებული, რომ არ მივცემ გახარებას და არ ვაზეიმებ, იმას რომ ისინი მე გამტეხავენ, არასდროს არ გავტყდები. სამწუხაროა, რომ ოლიმპიური თამაშებია და უკვე მეორედ არ მაძლევენ საშუალებას მედალი ავიღო. 

8:2 ვაგებდი, გავუწიე ჩემს თავს ორგანიზება და დავბრუნდი ბრძოლაში, მარტივი ხომ არ არის, რომ სტრესი არ გქონდეს, საიდან უნდა მოიტანო რომ სტრესი არ გქონდეს. დავბრუნდი, გავაანალიზე, რომ ვაგებდი ორთაბრძოლას და გააკეთეს იგივე. ორი ქალი დააყენეს მსაჯად. ქალები მიყვარს ყველაზე და ყველაფერზე მეტად, მაგაზე კი არაა, რომ ქალია. ერთმა ტოპმა მსაჯმა არ მიმსაჯა არცერთხელ. 

მხოლოდ ერთი მედალი მაკლია ჩემს სპორტულ კარიერაში, დანარჩენი ყველაფერი მოგებული მაქვს და არ მაძლევენ ამის მოპოვების შესაძლებლობას . რეალურად რომ ვაგებდე, ვიტყოდი ჩემზე ძლიერია-თქო, მაგის აღიარება არ მიჭირს.

სამწუხაროა, მეორეჯერ ხდება მსგავსი ფაქტი. 17 წელია სპორტსმენი ვარ... რატო? ვინ არის ჩემზე უკეთესი? ისეთები იღებენ მედლებს... ყველას დიდ პატივს ვცემ ვინც მედალი აიღო, მაგრამ მე მეკუთვნის, თუმცა არ მაქვს და მივდივარ სახლში. გავასაჩივრე, მაგრამ ამით რა იქნება? მე მედალს არავინ დამიბრუნებს.  ქართველ სპორტსმენებს წარმატებებს ვუსურვებ, თითოეული მათგანი ძალიან მიყვარს, მათი გამარჯვება ჩემი გამარჯვება იქნება. კარიერას გავაგრძელებ თუ არა არ ვიცი, დავისვენებ აუცილებლად, ჩემი შვილები მენატრებიან."