დღეს, საქართველოს საფეხბურთო ნაკრები წლის პირველ შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი თბილისში, "მიხეილ მესხის" არენაზე ისრაელის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
დღევანდელ შეხვედრას ქართული საფეხბურთო სამყარო სიახლით შეხვდება, რადგან გურამ კაშიას სანაკრებო კარიერის დასრულების შემდეგ ეროვნულ გუნდს კაპიტნის სამკლავურით ხვიჩა კვარაცხელია გაიყვანს. ვიცე-კაპიტანი კი ოთარ კიტეიშვილი იქნება.
"რა თქმა უნდა, საპასუხისმგებლოა ვიცე-კაპიტნობა. დიდი ხანია ნაკრებში ვარ, საკმაოდ ბევრი თამაშიც დამიგროვდა. წინამორბედი ფეხბურთელებისგან და კაპიტნებისაგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე. მიხარია ისეთი წინამორბედები მყავდა, რომ მათი ყურება შემეძლო, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ," - აღნიშნა საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტანმა, ოთარ კიტეიშვილმა.




