საქართველოს ნაკრებმა გოჯუ-რიუ კარატეში, სულ ცოტა ხნის წინ პორტუგალიის ქალაქ პორტოში ევროპის ჩემპიონატზე 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ვინ არიან ის ახალგაზრდები, რომლებმაც საქართველო ასახელეს, სად ვარჯიშობენ და როგორ ემზადებიან ტურნირებისთვის - "აიპრესი" გოჯუ-რიუს ნაკრების წევრს, ნუგზარ კაკულიას დაუკავშირდა. - ევროპის ჩემპიონატზე საქართველომ 3 ოქროს, 3 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. რაც შეეხება შედეგებს, ველოდით, რადგან წინასაშეჯიბრო მომზადება გავიარეთ ჯერ გონიოში, საზაფხულო შეკრების სახით და შემდეგ თბილისში, რამაც მოგვცა საფუძველი ამ დიდი წარმატების. სამწუხაროდ, საქართველომ გუნდური ჩემპიონობა ვერ მოიპოვა, რადგან ერთ-ერთი მცირერიცხოვანი შემადგენლობით ვიყავით წარდგენილები. - ჩვენთვის კარატის რამდენიმე სახეობაა ცნობილი, ამ შემთხვევაში გოჯუ რიუზე მინდა გკითხოთ, რამდენად აქტიურად არიან ჩართულები მოზარდები? - ხუთი ძირითადი სტილი არსებობს მსოფლიოში და გოჯუ-რიუ არის ერთ-ერთი უძველესი ტრადიციული საბრძოლო ხელოვნება. თბილისში გვაქვს ცენტრალური დარბაზი, რომელიც არის სპეციალურად კარატესთვის განკუთვნილი და იქ სხვა სპორტის სახეობები არ ისწავლება. ანუ ჩვენი პროფესიონალური მიდგომა ამაშიც გამოიხატება, რომ დღის ნებისმიერ დროს ამ დარბაზში მიდის კარატეს სწავლება. ჩვენთან სოციალურად დაუცველ ბავშვებს სრულიად უსასყიდლოდ ვავარჯიშებთ. ამ იდეის ინიციატორი, უკვე დიდი ხანია, სენსეი ლევან როგავა გახლავთ, რის გამოც ლევანი სატელევიზიო შოუს “იმედის გმირის” ფინალისტი გახდა. ასევე ჩვენი ინსტრუქტორები უამრავ საჯარო სკოლებში ასწავლიან ამ უნიკალურ საბრძოლო ხელოვნებას. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ჯანსაღი თაობის აღზრდას და შეძლებისდაგვარად, ძალღონეს არ ვიშურებთ, რომ ახალ თაობას მივცეთ საუკეთესო მაგალითი, რომ იყვნენ ჯანმრთელები, როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად, რათა გამოადგეთ საკუთარ ოჯახებს და საქართველოს. - სამწუხაროდ, საზოგადოება კარგად არ იცნობს თქვენს სპორტსმენებს... - რაც შეეხება გოჯუ-რიუს საქართველოს ნაკრებს, მინდა ვთქვა, რომ ძალიან ძლიერი ბიჭებით და გოგონებით არის დაკომპლექტებული. მინდა ავღნიშნო 17 წლის თორნიკე ქიმაძე, რომელმაც საუკეთესო ბრძოლები ჩაატარე და უმრავლესობა ნოკაუტით მოიგო. ასეთი ბიჭებს უნდა იცნობდეს ფართო საზოგადოება და აუცილებლად უნდა იყვნენ მაგალითები პატარებისთვის, ამაშია ჯანსაღი თაობის არსებობის გასაღები. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, სენსეი ლევან როგავას ხელმძღვანელობით ვგეგმავთ უამრავ საინტერესო ღონისძიებას. - როგორია ნაკრების გეგმები - რა მნიშვნელოვანი მომავალი ტურნირები გველის წინ? - ნოემბერს საქართველოს თასს ვატარებთ. ასევე, რომში გვაქვს სემინარი თებერვალში. გაზაფხულზე მსოფლიო შეფ-ინსტრუქტორი, სენსეი ნაკამურა გვეწვევა. მოკლედ, ძალიან ბევრ კარგ საქმეს ვგეგმავთ.