"პარი სენ ჟერმენიდან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გუნდის კაპიტანი, მარკინიოსი და 2025 სეზონის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული, უსმან დემბელე მოვიდნენ.
ბრიფინგი ბუდაპეშტის "პუშკაშ არენას" წარმოუდგენლად გადაჭედილ დარბაზში წარიმართა.
"კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ ხვალ ისტორიის დაწერა შეგვიძლია. რაიმე მწვერვალის მიღწევაზე გაცილებით რთული იმ მწვერვალზე დარჩენაა. თუმცა, ჩვენ უკვე ის შევძელით, რომ აქ ვართ - ფინალში და სეზონის მთავარ მიზანთან ერთი გამარჯვება გვაშორებს. თუ რა დონის გუნდს ვუპირისპირდებით, ძალიან კარგად გვესმის. "არსენალი" პრემიერლიგის გამარჯვებულია, იმ ლიგის, რომლის წარმომადგენლებმაც მიმდინარე სეზონში ორივე ევროპული თასი უკვე მოიგეს.
ის ფაქტი, რომ "არსენალს" ჯერ ჩემპიონთა ლიგა არ აქვს მოგებული, ამ გუნდისთვის დამატებითი მოტივაციაა. თუმცა, ჩვენ ამ ლიგის მოქმედი გამარჯვებულები ვართ, ჩვენი ყველა ფეხბურთელი საუკეთესო კონდიციებშია და დარწმუნებულები ვართ, რომ ტიტულის დაცვა შეგვიძლია. ხვალ გამოვალთ და ყველაფერს გავაკეთებთ ამისათვის.
კვარა და დემბელე ჩვენი ლიდერები არიან, ამ სეზონში გამორჩეულები იყვნენ. ხვალინდელ თამაშში მათი იმედიც გვაქვს. - განაცხადა მარკინიოსმა.
მიხეილ აბაიშვილი ბუდაპეშტიდან








