უეფას ერთა ლიგის პირველ მატჩში საქართველომ ჩეხეთი 4:1 დაამარცხა. საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები უეფას ერთა ლიგის 2024-2025 წლების გათამაშებაში ჩეხეთის ფეხბურთელთა ნაკრებს მასპინძლობდა.
 თამაშის შემდეგ, კომენტარი გააკეთა ხვიჩა კვარაცხელიამ.

 "რაც დღეს ბიჭებმა აჩვენეს, საუკეთესო პერფორმანსი იყო... ვილიმ მოგვცა ტაქტიკური დავალებები, რომლებიც ჩვენ შევასრულეთ. ჩემი აზრით, დღეს ჩაკვე იყო MVP." - განაცხადა მან.

პირველი ტაიმის საწყის წუთებში ჩეხები დაეუფლნენ ინიციატივას, თუმცა ქართველმა ფეხბურთელებმა მალევე შეძლეს მდგომარეობის გამოსწორება და მთლიანობაში მატჩის პირველი ტაიმი მათი უპირატესობით წარიმართა.

შეხვედრის 32-ე წუთზე სტუმრებმა საჯარიმო მოედანში ხვიჩა კვარაცხელია წააქციეს. თერთმეტმეტრიანი თავად კვარაცხელიამ დაარტყა და საქართველოს ნაკრები დაწინაურდა.

მეორე ტაიმის პირველ წუთებში ჩეხებმა ისევ სცადეს ინიციატივის ხელში აღება, მაგრამ 53-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელებმა სწრაფი კონტრშეტევა განახორციელეს და ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძემ მცველს წამოწევის საშუალება არ მისცა,  მის შესახვედრად გამოსულ მეკარეს კი ოსტატობით აჯობა, ბურთი ფეხებშუა გაუტარა და საქართველო 2:0 დაწინაურდა.

63-ე წუთზე ქართველმა ფეხბურთელებმა მრავალსვლიანი კომბინაციის  შემდეგ გაიტანეს გოლი. გიორგი მამარდაშვილმა მეტოქის არაზუსტი დარტყმის შემდეგ ბურთი იქვე, საჯარიმო გაუგორა ლაშა დვალს, მან საჯაროს ხაზთან 5-იოდე მეტრით წინ მყოფ კვარაცხელიას გადააწოდა, ამ უკანასკნელმა კი გრძელი გადაცემით ბურთი მარჯვენა ფლანგზე გურამ კაშიასკენ გაგზავნა, კაშიამ ოდნავ წინ და ცენტრში გიორგი ქოჩორაშვილს გადააწოდა, იგი თითქოს კარგავდა ბურთს, მაგრამ მოახერხა და ბურთი ისევ მარჯვნივ, ოთარ კაკაბაძეს გადააწოდა, მან კი ცენტრალურ ხაზს ოდნავ გადაცილებული ხვიჩა კვარაცხელია მოძებნა. ხვიჩა კვარაცხელიამ ქუსლით დაუგდო ბურთი ჯერ კიდევ თავის ნახევარ მყოფ გიორგი ჩაკვეტაძეს, მან კი სიჩქარე აკრიფა და სწრაფად მიუახლოვდა საჯარიმო მოედნის მარცხენა კუთხეს და ფლანგისკენ მყოფ ლუკა ლოჩოშვილს გადააწოდა. ლუკა ლოჩოშვილმა ბურთი საჯარიმო მეკარის მოედნის კუთხისკენ ჩაჰკიდა და გიორგი მიქაუტაძემ ბურთი მინდორზე არ დაუშვა, ოდნავ შეხტა და მარჯვენა ფეხით მეკარისგან მარჯვენა დაბალ კუთხეში, მეკარის მოძრაობის საპირისპირო მიმართულებით ძლიერად და დაბალ კუთხეში დაარტყა.

სამი წუთის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას გადაცემის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძემ მშვენივრად მოძებნა მეკარის მოედნის წინ მყოფი გიორგი ქოჩორაშვილი და ამ უკანასკნელმა მეოთხედ აიღო ჩეხების კარი. 

შეხვედრის მე-80 წუთზე ოდნავ მოშვებულმა ქართველმა ფეხბურთელებმა ჩეხებს შანსი მისცეს და მართალია მათი პირველი დარტყმა გიორგი მამარდაშვილმა ბრწყინვალედ მოიგერია, მაგრამ მეორე უძლიერესი დარტყმას გოლი მოჰყვა.

საქართველომ ძლიერ მეტოქე დიდი ანგარიშით, 4:1 დაამარცხა.

საქართველო - ჩეხეთი 4:1(1:0)
გოლები: 33' ხვიჩა კვარაცხელია, თერთმეტმეტრიანიდან 1:0, 53' გიორგი ჩაკვეტაძე 2:0, 63' გიორგი მიქაუტაძე 3:0, 66' გიორგი ქოჩორაშვილი 4:0, 80' ლუკაშ კალვაჩი 4:1

საქართველოს ნაკრები ასეთი შემადგენლობით თამაშობდა:

გიორგი მამარდაშვილი - ოთარ კაკაბაძე (74' - გიორგი გოჩოლეიშვილი), გიორგი გველესიანი (88' - საბა გოგლიჩიძე), გურამ კაშია, ლაშა დვალი, ლუკა ლოჩოშვილი - გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი (74' - შოთა ნონიკაშვილი), გიორგი ჩაკვეტაძე (74' - ზურიკო დავითაშვილი), - გიორგი მიქაუტაძე (74' - ბუდუ ზივზივაძე), ხვიჩა კვარაცხელია