გამარჯობა მეგობრებო,
ძალიან მიხარია, რომ შედგა ლევანტეს კემპი საქართველოში და 135-მა ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა.
ყველას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი მონაწილეობისთვის. დარწმუნებული ვარ, თითოეული მათგანისთვის ეს ახალი გამოცდილება იყო, რომლის დროსაც უფრო ახლოს გაიცნეს თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნები და საჭიროებები. - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, გიორგი ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
"ლევანტეს გადაწყვეტილებით, 10-დან 15-მდე გაიზარდა იმ ფეხბურთელების რაოდენობა, რომლებსაც სრულად ან ნაწილობრივ დაუფინანსდება Player Experience-ში მონაწილეობის ხარჯები ესპანეთში. დეტალურ ინფორმაციას ID Talent-ის მონაწილეები ელექტრონულ ფოსტაზე პარასკევს, 23 აგვისტოს დღის ბოლომდე მიიღებენ. წინასწარ ვულოცავ ყველა შერჩეულს და ვუსურვებ,
რომ საუკეთესოდ გამოიყენონ შემდეგი გამოცდილება ლევანტეს პროგრამა Player Experience-ში.
რაც შეეხება სხვა მონაწილეებს, ამ პროექტით არ იწყება და არ მთავრდება მათი კარიერა. პირიქით, ეს არის გამოცდილება, რომელიც გახდება მათი მომავალი წარმატების საფუძველი და მოტივაცია. საფეხბურთო კარიერა არის დაუსრულებელი პროცესი, რომ გახდე უკეთესი ადამიანი და ფეხბურთელი. ზუსტად ამას ვუსურვებ თითოეულ მონაწილეს და მომავალშიც შევეცდები, რომ მათ განვითარების სხვადასხვა შესაძლებლობა ჰქონდეთ!
მადლობა Levante UD-ს და პერსონალურად დანიელ პასტორს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და დიდი დიღმის საფეხბურთო ცენტრის თანამშრომლებს, კემპის უსაფრთხოებასა და ფეხბურთელების ჯანმრთელობაზე მზრუნველ პროფესიონალებს, გიორგი ჭელიძესა და მის სამწვრთნელო გუნდს, წყალ ,,ბახმაროს" და OT Sportmanagement-ს ორგანიზებისთვის. და ზოგადად, ყველა ადამიანს, ვისაც კემპის ორგანიზებაში წვლილი მიუძღვის.
მალე შევხვდებით!" - წერს გიორგი ქოჩორაშვილი.