ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ეროვნულ საფეხბურთო ნაკრები დაბრუნებული გიორგი მერებაშვილი, მომავალ ორ თამაშს იმედიანად უყურებს და აცხადებს, რომ გუნდი სრულ მზადყოფნაშია და მიუხედავად იმისა, რომ გასვლაზე მოლდოვასთან რთული თამაშია მოსალოდნელი, ფეხბურთელებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ მოსაგებად.

„რა თქმა უნდა, მოტივაციაზე საუბარი ზედმეტია, როდესაც საქმე ნაკრებს ეხება. დიდი მოტივაცია მაქვს. კარგი განწყობაა გუნდში. ვემზადებით თამაშებისთვის. იმედია, სასურველ შედეგს მივაღწევთ და ჩვენს გულშემატკივარს გავახარებთ. პირველ მეტოქეზე, პირველად გავიგე სიმართლე გითხრათ, მაგრამ თითოეული თამაში ნაკრებისთვის მნიშვნელოვანია. ვეცდებით, წარმატებით ვითამაშოთ. რაც შეეხება მოლდოვას, სახლში 1:1 ვითამაშეთ, რთული შეხვედრა გველოდება გასვლაზეც. თუმცა, თითოეული ფეხბურთელი მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ და გავიმარჯვოთ“, - განაცხადა გიორგი მერებაშვილმა.

საქართველოს ეროვნული ნაკრები, 7 ივნისს სენტ კიტსისა და ნევისის ნაკრების წინააღმდეგ ამხანაგურ შეხვედრას „მიხეილ მესხზე“ გამართავს, ხოლო საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩს, მოლდოვას წინააღმდეგ, კიშინოვში, 11 ივნისს ჩაატარებს.

ორივე თამაში 20:00 საათზე დაიწყება.