საქართველოს კულტურის სამინისტრო მუზეუმებში რეაბილიტაციის პროცესს იწყებს.
სამინისტროს ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, განსაკუთრებული და გადაუდებელი საჭიროების მქონე ხუთი მუზეუმი გამოიკვეთა. ესენია: გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმი, ვაჟა ფშაველას, ილია ჭავჭავაძის, ტიციან და გალაკტიონ ტაბიძეების სახლ-მუზეუმები და დადიანების სასახლის პირველი ისტორიული შენობა.
საქართველოს კულტურის მინისტრი გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში იმყოფებოდა, საიდანაც უახლოეს მომავალში ექსპონატებს დროებით საჯარო ბიბლიოთეკის საცავებში გადაიტანენ. იქვე გააგრძელებენ მუშაობას მუზეუმს თანამშრომლები რეაბილიტაციის პერიოდში.
„ყველა მუზეუმს სჭირდება მოვლა-პატრონობა, მაგრამ პირველ ეტაპზე, სადამდეც მივედით საბუთებით, პროექტირებით, ხარჯთაღრიცხვებით, გასაწევი სამუშაოებით, ეს პირველ ხუთეულში მოხვდება. ეს ის პრიორიტეტებია, რომელიც მხოლოდ მუზეუმებს ეკუთვნის. ლეონიძის მუზეუმიდან დროებით გადავიყვანთ, ეს რომ დამთავრდება და აღიჭურვება, შემდეგ დაბრუნდებიან, თუმცა, საჯარო ბიბლიოთეკის სპეციალურ საცავებში იქნება ეს ყველაფერი დაცული, ანუ სპეციალურად ამისთვის განკუთვნილ შესაბამის პირობებში გადავლენ“, - განაცხადა კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ.
ლიტერატურის მუზეუმის შენობას, რომელიც 1850-იან წლებშია აგებული, გასული საუკუნის 80-იანი წლების შემდეგ რეაბილიტაცია არ ჩასტარებია. შენობა ისტორიული იერსახის შენარჩუნებით აღდგება.