პარიზში, „პარკ დე პრენსზე“, ლონდონის „არსენალს“ და „პარი სენ-ჟერმენს“ შორის უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე ნახევარფინალური შეხვედრა დასრულდა
„არსენალი“ შეხვედრის პირველივე წუთებიდანვე შეეცადა ინიციატივის ხელში აღებას და სწრაფი გოლის გატანას და ჯერ მესამე წუთზე საკას ჩაწოდებული ბურთი რაისის თავური დარტყმის შემდეგ მცირედით ასცდა, შემდეგ მეოთხე წუთზე მარტინელის დარტყმა დონარუმამ მოიგერია მუხლით, მერვე წუთზე კი ისევ დონარუმამ ითამაშა კარგად და მარტინელის დარტყმული ბურთი კუთხურზე მოიგერია.
ამის შემდეგ „არსენალის“ შეტევების სიმწვავემ იკლო და ჯერ 11-ე წუთზე შეძლეს მასპინძლებმა სახიფათო კონტრშეტევის წამოწყება, შემდეგ კი მე-17 წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მარცხენა ფლანგის საჯარიმოს კუთხესთან ახლოს მიიღო დუეს გადაცემა, ძლიერი დარტყმით გაგზავნა ბურთი მეტოქის კარისკენ და „არსენალი“ ძელმა იხსნა გოლისგან.
23-ე წუთზე ბარკოლამ ცენტრთან ახლოს ჩაჭრა მეტოქის გადაცემა, სწრაფად მიუახლოვდა მეტოქის საჯარიმოს და საკმაოდ კარგ პოზიციაში მყოფ დუეს გადააწოდა ბურთი, მისი დარტყმა კი არცთუ ძლიერი აღმოჩნდა და მეკარემ ადვილად აიღო.
შეხვედრის 27-ე წუთზე ვიტინაიას მიერ ჩაწოდებული საჯარიმო ლონდონელებმა მოიგერიეს, მაგრამ საჯარიმოსთან ახლოს მყოფმა ფაბიან რუისმა ბრწყინვალე დარტყმით იგი მეტოქის კარში გადაგზავნა.
30-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ კარგ პოზიციაში მყოფ ბარკოლას მიაწოდა, მან მცველი ადვილად მოატყუა, მაგრამ უკვე ძალიან ხელსაყრელ პოზიციაში მყოფმა ბურთი სუსტი დარტყმით გაგზავნა კარში, სადაც მას მეკარე დაუხვდა და კუთხურზე მოიგერია.
მეორე ნახევრის პირველ წუთებში „არსენალმა“ პირველი ტაიმის მსგავსად ვერ შეძლო ინიციატივის მოპოვება და თამაში ორმხრივი შეტევებით წარიმართა.
64-ე წუთზე ბუკაიო საკას შესანიშნავი დარტყმა ასევე შესანიშნავად მოიგერია დონარუმამ და კარი გოლისგან იხსნა.
66-ე წუთზე ჰაკიმის დარტყმული ბურთი საჯარიმოში მოხვდა ხელზე ლუის-სკელის და მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა.
ვიტინიას დარტყმა მეკარე რეიამ მოიგერია და თამაშმა ინტრიგი შეინარჩუნა.
72-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელია მარცხენა ფლანგიდან შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, წაიფორხილა, მაგრამ სანამ წაიქცეოდა, ბურთის ოდნავ უკან და საჯარიმო მოედნის ცენტრთან ახლოს მყოფ ჰაკიმის გადააწოდა, მან დემბელეზე ითამაშა, მისგან საპასუხო გადაცემა მიიღო და ზუსტი დარტყმით ანგარიში 2:0 გახადა.
„არსენალმა“ ფარ-ხმალი არ დაყარა და 76-ე წუთზე სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ ბუკაიო საკამ ერთი გოლი გაქვითა.
ოთხი წუთის შემდეგ ცარიელი კარის წინ მყოფმა საკამ ძლიერად დაარტყა და ბურთი ზელს ზემოდან გადააცილა.
81-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ საჯარიმოს მარცხენა კუთხესთან მყოფ რუიზს გადააწოდა, რუიზისგან ბურთი მარჯვნივ, დასარტყმელ პოზიციაში მყოფმა დემბელემ მიიღო, დაარტყა კიდევაც, მაგრამ ბურთი მეკარეს პირდაპირ ხელებში მიუვიდა.
საბოლოოდ შეხვედრა „პარი სენ-ჟერმენმა“ მოიგო და იგი გადამწყვეტ შეხვედრაში „ინტერს“ შეხვდება.
„პარი სენ-ჟერმენი“ - „არსენალი“ 2:1 )1:0) პირველი მატჩი 1:0
გოლები: 27' ფაბიან რუიზი 1:0, 72' აშრაფ ჰაკიმი 2:0, 76' ბუკაიო საკა 2:1
69-ე წუთზე ვიტინიას დარტყმული თერთმეტმეტრიანი მეკარე რაიამ მოიგერია
ჩემპიონთა ლიგის ფინალური შეხვედრა მიუნხენში, „ალიანც არენაზე“, 31 მაისს გაიმართება.