ეროვნული ლიგის მე-11 ტური ფოთის „კოლხეთისა“ და „სამტრედიას“ მატჩით დაიწყო, რომელიც ფოთელებმა 2:0 მოიგეს.

ფეხბურთის ფედერაციის ქობულეთის საფეხბურთო ცენტრში გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობდა და 0:0 დასრულდა.

მეორე ტაიმში, 69-ე წუთზე „სამტრედიის“ კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც კირილ კლიმოვმა დაარტყა, მაგრამ მეკარე ავთო ლაბაძემ თავისი გუნდი გადაარჩინა.

გავიდა 4 წუთი და „კოლხეთმა“ მეორე თერთმეტმეტრიანი დარტყმის შესრულების უფლება მოიპოვა, რომელიც ლაშა კოხრეიძემ გამოიყენა. აღსანიშნავია, რომ ფოთელებმა ბოლო 3 შეხვედრაში პენალტი 5-ჯერ შეასრულეს და 3-ჯერ ვერ გაიტანეს.

90+2-ე წუთზე „კოლხეთმა“ სწრაფი კონტრშეტევა მეორე გოლით დაასრულა. კოხრეიძის გადაცემით მეკარესთან პირისპირ გიგი აბუაშვილი დარჩა, რომელმაც შანსი გოლად აქცია. ამ ეპიზოდში სტუმართა მცველი ლეო ასუნსაო არბიტრმა მოედნიდან გააძევა და „სამტრედია“ მარცხს შეეგუა.

საბოლოოდ, „კოლხეთი 1913“-მა საქმე გამარჯვებამდე მიიყვანა, 11 ტურის შემდეგ 13 ქულა დააგროვა და მე-5 ადგილზეა, ხოლო „სამტრედია“ (7) ცხრილში მე-9 ადგილს იკავებს.