საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია, „აიპრესის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც ამხანაგურ თამაშს ეხება, საქართველოსა და ყაზახეთს შორის, რომელიც თბილისში, 2016 წლის 29 მარტს ჩატარდა და 260 624 ლარი დაჯდა, პირველ განმარტებას აკეთებს. 

სფფ-ს გენერალური მდივნის, დავით მუჯირის განცხადებით, ის აღნიშნულ ხარჯვასთან დაკავშირებით პრობლემას ვერ ხედავს და მედიას უცხადებს, რომ არაფრისგან პრობლემას ისინი ქმნიან. 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უარს აცხადებს 260 ათასი ლარის დეტალური გახარჯვის წარმოდგენაზე და აცხადებს, რომ დოკუმენტაცია სპორტის სამინისტრომ უნდა გასცეს.

ამასთან, ჟურნალისტების კითხვაზე, თუ რატომ დაჯდა ერთი კონკრეტული ამხანაგური მატჩი, 260 ათასი ლარი, დავით მუჯირს, „გახსენება უჭირს“, თუ რომელ შეხვედრაზეა საუბარი.

სფფ-ს გენმდივანი, ასევე უარჰყოფს, რომ ფედერაციის მესვეურები და ფეხბურთის განვითარების ფონდის პრეზიდენტი, ამ საკითხზე სალაპარაკოდ იყვნენ დაბარებულები სპორტის მინისტრთან კაბინეტში, თუმცა, ფაქტია, რომ შეხვედრის დასრულების შემდეგ, ყველა მათგანმა, სამინისტროს შენობა უკანა გასასვლელით, მალულად დატოვა, რომლებიც შემდეგ ჟურნალისტებმა ფედერაციისკენ მიმავალ გზაზე დააფიქსირეს.

- 260 ლარი 624 ყაზახეთთან ამხანაგური მატჩისთვის - კალკულაცია რომ მოახდინოთ, რატომ დაჯდა ეს ერთი სპარინგი ასტრონომიული თანხა?

- პირველ რიგში, მოგახსენებთ, რომ ფედერაციების მხარდამჭერი სახელმწიფო პროგრამა არსებობს, ამ პოროგრამით სარგებლობენ სხვა დასხვა ფედერაციები. არსებობენ ფედერაციები, რომლებსაც ჩვენზე უფრო მეტად დაფინანსება აქვთ, რაც შეეხება კონკრეტულ ღონისძიებას, ამ პროგრამის ფარგლებში არის, რომ კონკრეტული ღონისძიების ჩასატარებლად, რაც კი საჭიროა, ფინანსდება ყველაფერი ამ პროექტის შესაბამისად. კონკრეტულად ამ თამაშის, რომელი თამაში იგულისხმეთ?

- საქართველო-ყაზახეთი...

- ა, დიახ, ამ თამაშზე გულისხმობს სხვადასხვა კომპონენტს. ზეპირად შეიძლება ახლა ყველაფერი არ გამახსენდეს. იცით, რომ საორგანიზაციო კუთხით, თითო ღონისძიებას მრავალი დეტალი აქვს, ფეხბურთელების მგზავრობა, მაგალთად, ხშირ შემთხვევაში, მოწინააღმდეგე გუნდის სასტუმროში განთავსება, საკუთარი გუნდის შეკრების ხარჯები, მოედნის, სტადიონის ქირაობა, უსაფრთხოება, თამაშის მიმდინარეობისას ძალიან ბევრი კომპონენტია, ეს ყოველთვის, ყველაფერი გაწერილია და სახელმწიფოსთან მიმართებაში ჩვენ უკვე წლებია ასე ვთანაშრომლობთ და ეს არ არის დანერგილი ჩვენი ხელმძღვანელობაში მოსვლის შემდეგ. ეს წლებია ასე იყო.

- ეს თანხა ნორმალური თანხაა ერთ კონკრეტულ ამხანაგურ თამაშზე?

- ბუღალტრულად ნამდვილად ვერ გაგცემთ პასუხს, აუცილებელია თამაშის სათანადო დონეზე ორგანიზებისთვის, გუნდის სათანადო დონეზე მოსამზადებლად. ის თანხები არის კონკრეტულ ღონისძიებაზე გამოყოფილი, ასე იყო წლებია, ასე არის ახლაც და ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენს გუნდ შევუწყოთ ხელი, მოემზადონ და საორგანიზაციო კუთხით.

- ირლანდიასა და უელსში საქართველოს ნაკრების გამგზავრება და ყველა ხარჯი, ჯამში 277 ათასი ლარი დაჯდა. ამის ფონზე, რომ შევადაროთ, ორი გასვლითი თამაში, ისეთ ძვირ ქვეყნებში როგორიც ირლანდია და უელსი არიან, იგივე ფეხბურთელების ბილეთებიც მათ შორის, არ გეჩვენებათ, რომ ამ ორი თამაშის საპირწონედ ეს ერთი თამაში, ძალიან დიდი თანხაა?

- ბუღალტრულად, კიდევ ვიმეორებ, კონკრეტული დეტალი რაც ღონისძიებას სჭირდება, თუ პარალელს გავავლებთ იმ ღონისძიებასთან, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ გადაგვიხდია სტადიონის იჯარა, ირლანდიაში და უელსში როცა ვთამაშობდით, არავითარ შემთხვევაში არ გადაგვიხდია საორგანიზაციო ხარჯები. რაც შეეხება თუნდაც უსაფრთხოების უზრუნველჰყოფას სტადიონზე და სხვა ხარჯებს, თქვენ ახლა დეტალურად ვერ ჩამოგითვლით მე, თამაშის ორგანიზება და 55 ათას კაციანი სტადიონის უსაფრთხოება, მასპინძლობა და უსაფრთხოდ, ბევრ დეტალს მოიცავს. ამაზე იზრუნა მოწინააღმდეგე მხარემ და შეიძლება ამიტომაც არის ასე ცოტა ხარჯი.

- რა ჯდებოდა ამის წინა ხელმძღვანელობის დროს?

- მაგალითისთვის გეტყვით, რადგან სტუმრად გამართული ორი თამაში ახსენეთ, იგივეს გეტყვით, რომ შარშან ბევრად მეტი დაიხარჯა ორ თამაშზე, როდესაც 2015 წელს საქართველოს ნაკრები ეთამაშა უკრაინას ამხანაგურად, ეთამაშა პოლონეთს, ვარშავაში, უფრო მეტი თანხაა დახარჯული ამ ორ გასვლით შეხვედრაში, ამიტომ ძალიან გთხოვთ, ასეთი რაღაცეებისგან ნუ ცდილობთ, ფედერაციას აქვს ყველას დაფინანსება, ყველა ფედერაცია სარგებლობს სპორტის მხარდაჭერის პროგრამით. დიდი მადლობა უნდა გადავუხადოთ სახელმწიფოს, რომ სპორტს ფედერაციებს აძლევს ამის საშუალებას. არსებობენ ფედერაციები, რომლებსაც ჩვენზე მეტი დაფინანსება აქვთ. მე აქ ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ და რატომ გახდა ეს საკითხი პრობლემა.

- არსებობს თუ არა ანალოგი, სახლში ჩატარებულ თამაშები, რომლებიც ახლოს არის ამ თანხასთან, რომ კითხვის ნიშნები მოიხსნას?

- ეს არის საოცარი. კონკრეტულად ყველა ღონისძიებას საკუთარი მოთხოვნები აქვს. არის თამაშები, რომლებიც იმართება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, არის თამაშები, რომლებიც სხვა მფლობელობაში მყოფ სტადიონზე და იჯარის თანხით იზრდება რაოდენობა, იზრდება იმ ადამიანთა რაოდენობა, რომლებსაც ჩვენ ვქირაობთ უსაფრთხოება იყოს მაღალ დონეზე.

არსებობს ამხანაგური თამაშები, ფედერაციებს შორის მოლაპარაკებით, თუ ვინ იხდის სტუმარი გუნდის სასტუმროს და ა.შ. ძალიან ბევრი დეტალია, რომელიც ზეპირად, თუ რატომ შეიძლება გამოიწვიოს 5 ლარიანი ან 10 ლარიანი განსხვავება დღეს, თუნდაც კურსთა შორის სხვაობა, ძალიან ბევრი დეტალია, რომელიც კონკრეტულ ღონისძიებაზე ძალიან ბევრ განსხვავებას იძლევა. მე გავავლე პარალელი გასვლით შეხვედრაზე, როგორც თქვენ მკითხეთ, გასვლით ორ შეხვედრასთანაც და საშინაო შეხვედრებზეც დაახლოებით ეს თანხა ჯდება, იქიდან გამომდინარე, რომ არსებობს ვალდებულებები, რომლებიც ფედერაციას იმ მხარეს აქვს, რომელიც ორგანიზებას უწევს.

- კალკულაციას თუ მოგვაწვდით ამ 260 ათასის, თუ როგორ დაიხარჯა და კიდევ ერთი თანხა, რომელიც კითხვის ნიშნებს ბადებს ამ დოკუმენტში, არის 334 ათას 558 ლარი, სასწავლო საწვრთნელი პროცესი და ამხანაგური შეხვედრები. თუმცა, სხვა ყველა დანარჩენი ამხანაგური მატჩები, რაც ფედერაციას დაგეგმილი ჰქონდა, გაწერილია, რა რაში დაიხარჯა, რომელ ამხანაგურ თამაშებს გულისხმობს ეს 334 ათასი ლარი?

- თქვენ ახლა ისეთი თანხა თქვით, შეიძლება მართლა მქონდეს წარმოდგენა, რომელ თამაშებზე შეიძლება იყოს, რომელ საწვრთნელ შეკრებაზე, მაგრამ თუ ვადას მეტყვით, დავაზუსტებდი. მე მაქვს ვარაუდი ამაზე.

- 11 მაისით არის დათარიღებული ეს ტრანში.

- მოგეხსენებათ, შარშან, 2016 წელს, გვქონდა დაგეგმილი 3 ამხანაგური შეხვედრა. ეს იყო საწვრთნელი შეკრება ავსტრიაში, სადაც ვეთამაშეთ სლოვაკეთის ნაკრებს, შემდეგ გუნდი გადაფრინდა რუმინეთში, ბუქარესტში, დაბინავდა სასტუმროში და რამდენიმე დღე დაჰყო, ვეთამაშეთ რუმინეთის ნაკრებს, შემდეგ ჩვენი ნაკრები გადაფრინდა ესპანეთში, ეთამაშა ესპანეთის ნაკრებს, საბედნიეროდ, მოვახერხეთ ამ შეკრების წარმატებულად დასრულება, ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი დავამარცხეთ, ძალიან სასიხარულო იყო. მე, პირადად, პარალელი გავავლე, სამი უცხოური შეხვედრა იყო, ირლანდია და უელსიც ახსენეთ. საწვრთნელი შეკრება იყო, რომელიც შესარჩევი ციკლისთვის ვემზადებოდით. სამი ძალიან ძლიერი ოპონენტი გვყავდა, მერწმუნეთ, ასეთ ოპონენტებთან თამაშის დასაგეგმად, ჩვენი დარი ფედერაციები, მსხვილ თანხებს იხდიან ხოლმე, თუნდაც ჰონორარის სახით, მაგრამ ჩვენ მოვახერხეთ და სამივე მოწინააღმდეგეს, მათ შორის ესპანეთს, ვეთამაშეთ მადრიდში და საბედნიეროდ დავამარცხეთ. 

- როდესაც ფეხბურთის ფედერაცია სამინისტროს თანხას სთხოვს, ყოველთვის მითითებულია, რისთვის არის ის, არის მწვრთნელების სახელფასო თუ შეკრებებისთვის, ან სხვა ღონისძიებებისთვის, ერთი ასეთი ტრანში 244 ათას 700 ლარის ოდენობით, სახელფასო ანაზღაურება, მწვრთნელების ხელფასები მითითებულია აღნიშნულ დოკუმენტში და ვის ხელფასს გულისხმობს ეს თანხა?

- არ ვიცი, სხვა სახელფასო ფონდი არ არსებობს.

- დიახ, მაგრამ ფაქტია, რომ დოკუმენტში ვის ხელფასზეა საუბარი, მითითებული არ არის...
-
არსებობს სახელფასო ფონდი, რომელიც დაკავშირებულია ნაკრების მწვრთნელებსა და ნაკრების მომსახურე პერსონალთან, შესაბამისად, სხვა სახელფასო ფონდი არ არსებობს. შეიძლება მანდ იყოს ...

- შეიძლებაზე აქვს სპორტის სამინსიტროს 244 ათასი ლარი სფფ-სთვის გადარიცხული?

- სახელფასო ფონდი სხვა არ არსებობს, მითითებულია და გაწერილია რისთვის არის.

- სწორედ ამას გეკითხებით, რისი სახელფასო ფონდია ეს თანხა, რომელიც არ არის ჩაშიფრული, ვის ხელფასს გულისხმობს... მზად ხართ სამინისტროს ჩააბაროთ ეს ანგარიშები დეტალურად?

- სახელმწიფოსაც ჩაბარებული აქვს უკვე, კონტროლის პალატასაც უკვე შემოწმებული აქვს, ნუ ცდილობთ არაფრისგან შექმნათ პრობლემა. ეს რომ აქამდე პრობლემა ყოფილიყო და კომუნიკაციაში პრობლემა გვქონოდა, ეს სახელმწიფოსაც შემოწმებული აქვს, სპორტის სამინისტროსაც და კონტროლის პალატასაც.

- ამ თემასთან დაკავშირებით იმყოფებოდით დღეს სპორტის სამინისტროში?

- ამ თემასთან დაკავშირებით დღეს არ ვიმყოფებოდით სპორტის სამინისტროში, არის ბევრი საკითხები ჩვენ ერთ-ერთი ფედერაცია ვართ, ძალიან მიხარია, რომ სპორტის სამინისტრო, ბევრ ფედერაციაზე ზრუნავს და ცდილობს, ყველასთან დახმარების სახით კომუნიკიაცია ჰქონდეს.