ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში 23 წლამდე ასაკის მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მეორე საშეჯიბრებო დღეს გიორგი ჩხიკვაძემ (72კგ) ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ფრიდონ აბულაძე (60კგ) და დათა ჩხაიძე (82) კი ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ.

აღსანიშნავია, რომ 82 წონით კატეგორიაში პირველობისთვის დათა ჩხაიძესთან ერთად ფრანგი ვლადიმერ ქარჩაიძე და ამერიკელი ბექა მელელაშვილი იბრძოდნენ. ქარჩაიძემ პირველი შეხვედრა შვედ ალექსანდერ იოჰანსონს მოუგო, მეორე კი ჩინელ კუნ ჰუანთან დათმო და ასპარეზობა ვეღარ გააგრძელა, დათა ჩხაიძე კი მეოთხედფინალში ამერიკელ ბექა მელელაშვილთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლის მფლობელი მას შემდეგ გახდა, რაც რეპეშაჟში ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის ეგიდით მოჭიდავე ბელორუს ვადიმ პალეენკას და ბრინჯაოს ფინალში აზერბაიჯანელ ელმინ ალიევს სძლია.

ბექა მელელაშვილმა, რომელმაც 2022 წლის ოქტომბერში 23-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს სახელით იჭიდავა 87კგ წონით კატეგორიაში და ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა პოლონელ შიმონ შიმანოვიჩთან წააგო ნახევარფინალში აზერბაიჯანელი ელმინ ალიევი 3:3(0:3) დაამარცხა და ფინალში ირანელ მოჰამად აზიზ ნაღუსის შეხვდა.  

2021 წლის 23 წლამდე ასაკის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მომავალ მსოფლიო ჩემპიონთან, აივენგო რიკაძესთან, შემდეგ კი ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში რუს შამილ იოჟაევთან დამარცხებულმა ირანელმა მოჭიდავემ ბექა მელელაშვილი 4:3 დაამარცხა და ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

23 წლამდე ასაკის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატები 2017 წლიდან ტარდება. ბექა მელელაშვილი, რომელმაც 2022 წლის იანვარში ოთხ სხვა გარდაბნელთან ერთად მოიპოვა საქართველოს ჩემპიონის ტიტული 23 წლამდე ასაკის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის, ამჯერად უკვე 23 წლამდე ასაკის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე მედლის მომპოვებელი პირველი ამერიკელი გახდა.  

ბექა მელელაშვილის მამა, ტარიელ მელელაშვილი, ცნობილი ქართველი ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეა. იგი საქართველოს ღირსებას 1996 წლის ატლანტის და 200ო წლის სიდნეის ოლიმპიურ თამაშებზე იცავდა.