გუშინ, შოტლანდიაში, გლაზგოს „ჰემპდენ პარკზე, ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის პლეიო ოფის ნახევარფინალურ შეხვედრაში უკრაინას იღებდა
მატჩის დაწყების წინ, „ფეხბურთის მეფედ" წოდებულმა, მთელ მსოფლიოში პელეს სახელით ცნობილმა ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა, ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუმ რუსეთის პრეზიდენტს მიმართა და მას უკრაინაში ომის შეწყვეტა სთხოვა.

ინსტაგრამზე ატვირთულ წერილში პელე პუტინს სწერდა:
„ვლადიმირ პუტინს
დღეს უკრაინა ცდილობს 90 წუთით მაინც დაივიწყოს ის ტრაგედია, რომელიც ამ დრომდე გრძელდება მის ქვეყანაში. მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობისთვის ბრძოლა უკვე რთული ამოცანაა და ეს თითქმის შეუძლებელი ხდება, როდესაც ამდენი სიცოცხლე საფრთხეშია.
მინდა გამოვიყენო დღევანდელი მატჩი, როგორც შესაძლებლობა მოგმართოთ თხოვნით: შეაჩეროთ ეს შემოჭრა. ძალადობის გასამართლებელი არგუმენტები არ არსებობს. ეს კონფლიქტი, ისევე როგორც ყველა სხვა, არის ამორალური, გაუმართლებელი და ტკივილის, შიშის, საშინელებისა და ტანჯვის გარდა არაფერი მოაქვს. არ არსებობს მიზეზი, რომლიც გამოც ეს შეიძლება გაგრძელდეს.
როდესაც წარსულში შევხვდით ერთმანეთს და ხელის ხანგრძლივი ჩამორთმევის თანხლებით გავცვალეთ ფართო ღიმილი, წარმოუდგენელი იყო, რომ ერთ დღეს ისე გავიყოფოდით, როგორც დღეს ვართ.
ომი მხოლოდ იმისთვისაა, რომ დააშოროს ერები და არ არსებობს იდეოლოგია, რომელიც გაამართლებს რაკეტებს, რომლებიც ახლა ასამარებენ ბავშვობის ოცნებებს, ანაგრევენ ოჯახებს და კლავენ უდანაშაულოებს.
ცხოვრების რვა ათწლეულის განმავლობაში მე ვიყავი მოწმე ომებისა და მესმოდა, თავიანთი ხალხის უსაფრთხოების დაცვის საბაბით როგორი სიძულვილით ყვიროდნენ ლიდერები. ჩვენ არ შეიძლება დავუბრუნდეს იმ დროს. ჩვენ უნდა განვვითარდეთ.
მრავალი წლის დავპირდი საკუთარ თავს, რომ სანამ შემეძლებოდა, ყოველთვის ავიმაღლებდი ხმას მშვიდობისთვის. ამ კონფლიქტის დასრულება თქვენ ხელშია. იმ ხელში, რომელსაც მე მოვუჭირე ხელი მოსკოვში, 2017 წელს, ჩვენი ბოლო შეხვედრისას".
თავის მიმართვა პელემ ასეთი მინაწერით დაასრულა:
„რამდენიმე წუთში უკრაინა კონფლიქტის დაწყების შემდეგ პირველ ოფიციალურ მატჩს გამართავს. მე თვითონ დავწერე ეს წერილი. ვიმედოვნებ, რომ ძალადობა შეჩერდება და ჩვენ ერთად შევძლებთ უკეთესი სამყაროს აშენებას".

პელეს წერილს გუშინ გამოეხმაურა ცნობილი საბჭოთა მეკარე ანზორ კავაზაშვილი:
„მაოცებს საერთაშორისო იმპერიალიზმი. პოლიტიკა ახლა სპორტზე და ფეხბურთზე გადავიდა, ჩვენ ყველგან გვერდზე გაგვწიეს დასავლელი პოლიტიკოსების კარნახით. და უცბად, თავის მიმართვით ჩნდება ღრმად პატივცემული პელე. ხომ ყველამ იცის, რა მდგომარეობაშია ის ახლა, ჯანმრთელობის როგორი პრობლემები ჰქონდა ბოლო წლებში. უნდა გავარკვიოთ, ვინ დაწერა ეს წერილი და მისცა მას ხელის მოსაწერად და კატეგორიულად დავგმოთ! არ ვისურვებდი "ფეხბურთის მეფის" შეურაცხყოფას, მაგრამ მისი მხრიდან ეს უღირსი საქციელია. ჩემი აზრით, მის ცხოვრებაში ერთადერთი და უკანასკნელი ასეთი საქციელი. პელეს უფლება არა აქვს, არად ჩააგდოს თავის სტატუსი და ასეთი განცხადება გააკეთოს. ნამდვილად, ვწუხვარ კიდეც, რომ ის ამ სიტუაციაში აღმოჩნდა. მასში მონაწილეობაზე დათანხმებაც კი მას არ სჭირდებოდა".
ცნობისთვის: ანზორ კავაზაშვილი 1940 წელს დაიბადა ბათუმში. 1957-1959 წლებში თამაშობდა თბილისის „დინამოში", 1960-1971 ლენინგრადის „ზენიტში', მოსკოვის ტორპედოში", მოსკოვის „სპარტაკში" და 1972 წელს ქუთაისის ტორპედოში. 1973 წლიდან მუდმივად ცხოვრობს რუსეთში. 1965 წელს მოსკოვში გამართულ საბჭოთა კავშირის და ბრაზილიის თამაშში იგი შესვენების შემდეგ ჩაერთო. 0:2-ზე პელემ შეხვედრაში თავისი მეორე გოლი მას გაუტანა. იმ მატჩში თბილისის დინამოდან მონაწილეობდნენ გიორგი სიჭინავა, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია (შეცვალეს 0:3-ზე, 68-ე წუთზე) და მიხეილ მესხი). პელეს ბრწყინვალე თამაშით მოხიბლული და ვლადიმერ ბარქაიას იუმორის მცოდნე ქართველი გულშემატკივარების მიერ გავრცელდა ამბად ბარქაის მიერ სიჭინავასადმი მატჩის მსვლელობაში თითქოსდა ნათქვამი სიტყვები: ჩორნა, რას დადევ მაგ კაცს (სიჭინავას პელეს „დაჭერა" ჰქონდა დავალებული), გაჩერდი და დატკბი მისი <მათი> თამაშის ყურებით.