საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ერთა ლიგის ოქტომბრის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. 11 ოქტომბერს, ჩვენი გუნდი პოლონეთის ქალაქ პოზნანში უკრაინის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს, ხოლო 14 ოქტომბერს, თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ალბანეთს უმასპინძლებს.

საქართველოს ნაკრები მატჩებისთვის მზადებას 7 ოქტომბერს, პოლონეთში დაიწყებს. მოსამზადებელი ეტაპის და მოახლოებული თამაშების შესახებ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსანდრე იაშვილმა ტრადიციულ შეკრებისწინა პრესკონფერენციაზე ისაუბრეს.

ალექსანდრე იაშვილი (სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი): "ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ ვილი სანიოლი ჩვენი გუნდის მწვრთნელია. დიდი გზა გამოვიარეთ და წარმატებულად მოვდივართ ერთად. როდესაც ორივე მხარეს სურს თანამშრომლობის გაგრძელება, გზა ყოველთვის მოიძებნება. ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის, რომ წარმატებული თანამშრომლობა კიდევ უფრო წარმატებული გავხადოთ. დანარჩენს, მომავალი გვიჩვენებს. 

დინამო არენას საკითხზე ბევრი ვისაუბრეთ. ჩვენი მიზანი და სურვილიც სწორედ ეს არის, რომ ამ სტადიონზე ვითამაშოთ, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც სტადიონის ტევადობის სრულად ათვისებას შევძლებთ. ამავდროულად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ნაკრებმა არ ითამაშოს მხოლოდ თბილისში. შესაბამისად, ნოემბრის თამაშს ბათუმი უმასპინძლებს. თუ მარტისთვის დინამო არენა მზად იქნება, ტევადობის სრულად ათვისების პირობებში სიამოვნებით ვითამაშებთ იქ. 

ჩვენი მიზანია და ეს განვითარების პროგრამაშიც გვიწერია, რომ ეროვნულ ნაკრებს რაც შეიძლება მალე ჰქონდეს საკუთარი ბაზა, რომელიც, ყველა ნაკრების მიერ იქნება გამოყენებული. ჩვენთვის პრიორიტეტულია, რომ როგორც კაცთა, ისე ქალთა ნაკრებს ახლო მომავალში ჰქონდეს საკუთარი სახლი.

ირანში არსებული ვითარებიდან გამომდინარე ვესაუბრეთ გიორგი გველესიანს. ხვალ, საკლუბო მატჩის შემდეგ უფრო მეტი დეტალი იქნება ცნობილი. საელჩოც საქმის კურსშია და რაც შეგვიძლია ყველაფერს გავაკეთებთ, რომ გიორგი გველესიანი შეუფერხებლად ჩამოვიდეს შეკრებაზე.

ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კომუნიკაცია ეროვნული და ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელებს შორის. სწორედ შვედეთთან მატჩის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ირაკლი აზაროვი ახალგაზრდულ ნაკრებთან იქნება. ამ კომუნიკაციის შედეგად, მთავარი მწვრთნელები იღებენ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც ოპტიმალური იქნება ორივე გუნდისთვის“. 

akrebi.ge