ამაყები ვართ, რომ ჩვენ ეს შევძელით და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო ნაკრებს მოვუგეთ, - ამის შესახებ ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„უდიდესი მადლობა ყველა გულშემატკივარს, სტადიონზე საოცარი ატმოსფერო იყო. დღეს არის დასვენების დღე, ფეხბურთელებს საშუალება აქვთ ოჯახის წევრები მოინახულონ, ცოტა განიტვირთონ და ხვალიდან უკვე დაიწყება მზადება ესპანეთის თამაშისთვის“, - აღნიშნა ალექსანდრე იაშვილმა
მან ასევე აღნიშნა, რომ ესპანეთი ევროპაში საუკეთესო გუნდია.
„რთული თამაში გველის, მაგრამ მთავარი მიზანია ჩვენ რას გავაკეთებთ მოედანზე და დანარჩენი მერე გამოჩნდება“, - განაცხადა იაშვილმა.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალია 2:0 დაამარცხა. ამ გამარჯვებით მან პლეი ოფის საგზური მოიპოვა. მერვედფინალში „ჯვაროსნები“ ესპანეთს შეხვდებიან. მატჩი 30 ივნისს, 23:00 საათზე დაიწყება.