ბულგარეთის ქალაქ სამოკოვში დასრულდა 17 წლამდე ასაკის მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი ჭიდაობაში.

ქართველმა მოჭიდავეებმა, რომლებიც თავისუფალი და ბერძნულ რომაული სტილით სრული გუნდით ასპარეზობდნენ, გოგონა მოჭიდავეთა ტურნირზე კი სამი სპორტსმენით იყვნენ წარდგენილები, ერთი ოქროს, ერთი ვერცხლის და რვა ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.

ოქროს მედლის მფლობელი გახდა თავისუფალი სტილით 110 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე მურთაზ ბაღდავაძე. მან ოთხ შეხვედრაში მეტოქეებს ქულაც კი არ დაუთმო, თავად კი საერთო ჯამში 21 ქულა აიღო.

ვერცხლის მედალი მოიპოვა ბერძნულ-რომაული სტილით 71 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ბასილაიამ.

ბრინჯაოს მედლის მფლობელები გახდნენ:

69კგ ნინო სამხარაძე
თავისუფალი სტილი, 51კგ ლაშა ნარიმანიძე
თავისუფალი სტილი, 55კგ თემურ თუთარაშვილი
თავისუფალი სტილი, 60კგ დავით მძევაშვილი
თავისუფალი სტილი, 80კგ რატი რევაზიშვილი
თავისუფალი სტილი. 92კგ ნურადინ მუსტაფაევი
ბერძნულ-რომაული სტილი, 80კგ ლუკა ბუიღლიშვილი
ბერძნულ-რომაული სტილი, 110კგ საბა ტაკიძე

თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა გუნდს, რომელმაც გუნდურ ჩათვლაში 124 ქულით მესამე ადგილი დაიკავა (1. რუსეთი - 163 ქულა; 2. აზერბაიჯანი - 156 ქულა) ქულები შესძინეს ასევე ლაშა ქორიძე (48კგ) და ბოჰდან კვანტალიანმა (71კგ), რომლებმაც მესამე ადგილისთვის ფინალური შეხვედრები დათმეს და ბიძინა ჯინჭარაძემ (65კგ) რომელმაც რეპეშაჟის ნახევარფინალში გამარჯვების შემდეგ რეპეჟაში ფინალი წააგო და მესამე ადგილისთვის ჭიდაობის უფლება ვერ მოიპოვა.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა შორის გელა ბოლქვაძემ 45 კგ წონით კატეგორიაში და დავით შავაძემ 55 კგ წონაში ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრები წააგეს, ხოლო 55 კგ წონაში გიორგი კედელიძემ რეპეშაჟის ნახევარფინალში გამარჯვების შემდეგ დათმო რეპეშაჟის ფინალი და მე-3 ადგილისთვის ვეღარ იჭიდავა.

გუნდურ ჩათვლაში პირველი რუსეთი იყო (170 ქულა), მეორე - სომხეთი (145 ქულა), მესამე კი აზერბაიჯანი (118 ქულა). საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მეოთხე ადგილი დაიკავა.

გოგონათა გუნდში ნინო სამხარაძესთან ერთად იყვნენ 61 კგ წონაში მოჭიდავე ანა წერეთელი, რომელმაც რეპეშაჟში გამარჯვების შემდეგ მესამე ადგილისთვის ფინალური შეხვედრა წააგო და 57 კგ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ანი ლაბაძე. მან მერვედფინალში გამარჯვების შემდეგ მეოთხედფინალში განიცადა მარცხი.