მსჯავრდადებული საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ექიების რეკომენდაციებს შეასრულებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იქნება თავისუფალი - ამის შესახებ კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
„გვინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და მიმდინარე სამკურნალო პროცესის შესახებ. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა და გვინდა, რომ რეალური ინფორმაცია იქნეს მიტანილი მოსახლეობამდე და ჰქონდეთ ადეკვატური აღქმა იმისა, რა ხდება სამკურნალო პროცესთან დაკავშირებით.
კლინიკა პაციენტის შემოსვლის პირველი დღიდანვე აკეთებს თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმს, შეთავაზებულია მკურნალობის თანამედროვე მეთოდები, ასევე ევროპული თუ ამერიკული გაიდლაინების შესაბამისი მკურნალობა, პაციენტისთვის კეთდება ყველა კვლევა, რაც სჭირდება, ეს იქნება ლაბორატორიული კვლევები თუ მაღალტექნოლოგიური კვლევები. მოგეხსენებათ, სამკურნალო პროცესი შედგება ორი მთავარი კომპონენტისგან, ერთი არის პაციენტის მხარე, მეორე – სამედიცინო პერსონალის მხარე.
შემიძლია, ჩვენი კლინიკის სახელით, თამამად გითხრათ, რომ ჩვენი ექიმები შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებენ და შეთავაზებული აქვს თანამედროვე მკურნალობის ყველა მეთოდი, მაგრამ არის მეორე მხარე, უნდა იყოს თანხვედრა იმ მიზნების, რაც გააჩნია სამედიცინო პერსონალს და იგივე მიზანი უნდა ჰქონდეს პაციენტსაც.
ჩვენი მიზანი ნამდვილად არის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესება, რომ გაუმჯობესდეს სასიცოცხლო ფუნქციები, ფიზიოლოგიური პარამეტრები, სხვა მაჩვენებლები და ეს, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად დამოკიდებულია პაციენტზეც. მე ამას ვამბობ, რადგან ბევრი კითხვა ჩნდება, რატომ არის ამდენი ხნის განმავლობაში ეს შედეგი. იცით, რომ პაციენტი თავის ფეხით შემოვიდა კლინიკაში და ახლა მას მართლაც უჭირს გადაადგილება. ორი მხარე არის სამკურნალო პროცესის – არის საექიმო მხარე და პაციენტის მხარე. ჩვენი მიზანი არის შესაძლებლობის მაქსიმუმი იქნეს გამოყენებული მისი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ ეს თანხვედრაში უნდა იყოს პაციენტის მიზანთან.
ამის შემდგომ შეთავაზებული იქნა ცილოვანი დანამატები, ეს არის სასმელი ხსნარი, რომელსაც აქვს რაღაც ხილის გემოვნება. ესეც პირველი ორი დღე მიიღო, შემდეგ უარი განაცხადა. ჩვენ ეს მდგომარეობა ძალიან გვაწუხებს.
პაციენტს ჩატარებული აქვს სხვადასხვა ინსტრუმენტალური კვლევა, სადაც დადასტურებულია, რომ კუჭი მონაწილეობს საკვების მიღებასა და გადამუშავებაში, მექანიკური რაიმე წინააღმდეგობა არ არის და ეს განპირობებულია მისი ფსიქო-ემოციური ფონიდან გამომდინარე. პაციენტს აქვს სრული შეუგუებლობა იმ პირობებისადმი, რა პირობებშიც ის იმყოფება და ამას პაციენტი თავადაც ამბობს, რომ რეკომენდაციებს შეასრულებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იქნება თავისუფალი“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.