„ქვეყანაში ბავშვთა დიდი ზომის დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი პრაქტიკულად დასკვნით ფაზაშია“, - აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე განმარტებით, 2022 წელს განხორციელდა თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლის დეინსტიტუციონალიზაცია, შეიქმნა 3 მცირე საოჯახო ტიპის სახლი, სადაც განთავსდნენ არასრულწლოვნები. 

„აღნიშნულ მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ბავშვებისთვის უზრუნველყოფილია ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებული და მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული ზრუნვა და განვითარება. ბავშვების ნაწილი, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მუდმივად აგრძელებენ მკურნალობას შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში“,- განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს შშმ პირთა დიდი ინსტიტუციების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესიც, რაც  გულისხმობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დიდი ზომის დაწესებულებების დახურვას და მათ ჩანაცვლებას მცირე ზომის, ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებებით.

ამჟამად, დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი მიმდინარეობს დუშეთისა და მარტყოფის შშმ პირთა პანსიონატებში.