„სახელმწიფო წარმოდგენილი უნდა იყოს მძლავრი, 500 საწოლზე გათვლილი მაღალტექნოლოგიური, თანამედროვე კლინიკით“,-აღნიშნულის შესახებ ზურაბ აზარაშვილმა, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს კონცეფციის პრეზენტაციის შემდგომ განაცხადა.

მინისტრის განმარტებით, აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკა იქცევა რეგიონულ ჰაბად, რომელიც ქვეყნისთვის ახალ შესაძლებლობებს იძლევა.

მისივე თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფო შეინარჩუნებს საუნივერსიტეტო კლინიკის სტატუსს, რაც კონცეპტუალურად გულისხმობს მომავალი მედიკოსების სრულ ინტეგრაციას კლინიკურ აქტივობებში და შესაბამისი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფას.

პრეზენტაციაზე, ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა კლინიკის თანამშრომლებს, მიმდინარე და ჩატარებული კვლევებიც გააცნეს.

უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, რესპუბლიკური კლინიკის რეაბილიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება მაშინ იქნება მიღებული, როდესაც ექსპერტიზის საბოლოო დასკვნებს მიიღებენ.

„სამედიცინო საზოგადოებასთან და რესპუბლიკურის თანამშრომლებთან ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა. ჩვენ დეტალურად ვისაუბრეთ არსებულ სიტუაციაზე და გამოწვევებზე. მე, მათ ღიად და მკაფიოდ დავუდასტურე , რომ ჩვენი კომენტარები და შეფასებები არ ითვალისწინებდა მყისიერად ამ შენობის რეაბილიტაციის დაწყებას,ან ამ შენობის დემონტაჟს.

ჩვენ სხვადასხვა ექსპერტების მხრიდან ველოდებით საბოლოო დასკვნებს, ხოლო ის ჩვენი შეფასებები და კომენტარები იყო პირველადი შეფასებებიდან გამომდინარე, რომელიც ამ ეტაპზე გვაქვს.

შევთანხმდით კომუნიკაციის ფორმებზე. გარკვეული ინფორმაციის მიღების შემდეგ, მათ გავაცნობთ და მათთან ერთად შევჯერდებით იმ გადაწყვეტილებაზე, რაც იქნება კლინიკის დემონტაჟი, რეაბილიტაცია, თუ სართულების ცვლილება.

ხუთი სხვადასხვა ტიპის დასკვნას ველოდებით, ასევე, ქვეყნის გარეთ სხვადასხვა ექსპერტის ჩართულობით ვაკეთებთ. მინდა კარგად შეთანხმებულად დავრწმუნდეთ, რა არის საჭირო და აუცილებელი, რომელი გადაწყვეტილება იქნება სწორი“ ,- აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა.

ზურაბ აზარაშვილის  განცხადებით, ნახევარი საუკუნის განმავლობაში, არსებითად შეიცვალა როგორც სამედიცინო ტექნოლოგიების, ისე სამედიცინო არქიტექტურის და ინჟინერიის სტანდარტები. აქედან, გამომდინარე არსებული შენობა არ შეესაბამება თანამედროვე, მრავალპროფილური სამედიცინო დაწესებულების სტანდარტებს.

„ზუსტად ამ დასკვნების საფუძველზე იყო დაახლოებით თვენახევრის წინ როცა ვთქვით, რომ სავარაუდოდ დიდი ალბათობით საჭირო იქნება დემონტაჟი ხარჯთეფექტურობიდან გამომდინარე. რადგან შენობა ძველია, შესაძლებელია,  მოხდეს მისი დამძიმება, ამან კი დამატებით მოითხოვოს საძირკვლის გაძლიერება , გამოწვევები არის წყლებთან დაკავშრებითაც“, - განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

ინფრასტრუქტურული პრობლემების გარდა, კლინიკაში არსებულ ძირითად გამოწვევებს შორის სტანდარტებთან შეუსაბამობაც დასახელდა. მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა 2025 წლისთვის, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების სავალდებულო აკრედიტაციაზე. 

„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული ყველა კლინიკა უნდა აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდარტებს. სერიოზული გამოწვევები ინფექციის კონტროლთან დაკავშირებით რაც არის, ეს ყველაფერი შეიძლება მოკლევადიანად მოგვარდეს, თუმცა ეს ერთჯერადად გაწეული ხარჯები და ინვესტიციები გრძელვადიანად პრობლემას ვერ მოაგვარებს.

ქვეყანას უნდა  ჰქონდეს მაღალტექნოლოგიური, მრავალპროფილური კლინიკა, რომელიც აუცილებელია ჩვენი მოქალაქეებისთვის“,-განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკასთან დაკავშირებით, სამომავლო გეგმებისა და კონცეფციის პრეზენტაცია გაიმართა.

თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებსა და მოწვეულ სტუმრებს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მიმართა.

ღონისძიებაზე, რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს, შესაძლებლობა ჰქონდათ, კლინიკასთან დაკავშირებით, არსებულ გეგმებზე მიეღოთ ინფორმაცია.