ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „აიპრესთან“ რესპუბლიკური საავადმყოფოს განახლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ქვეყანას აუცილებლად სჭირდება სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი მულტიფუნქციური, მრავალსაწოლიანი კლინიკა, რომელიც მაღალი სტანდარტებს პასუხობს.

„სამინისტროში ახალი მინისტრის მოსვლის შემდეგ, დაიწყო სიღრმისეული რეფორმები, სისტემური ცვლილებების გზით, ეს ეხება მედიკამენტების გაიაფებას, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ოპტიმიზაციას, შიდა ჰოსპიტალური ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლას, ინფექციების კონტროლს და კიდევ მრავალ რეფორმას ატარებს სამინისტრო, ისეთს, რომელიც დიდი ხანია ჯანდაცვის სფეროში არ გატარებულა. თუ მინისტრი მოახერხებს ამ სისტემური რეფორმების ბოლომდე მიყვანას, გარწმუნებთ რომ 2-3 თვის შემდეგ საქართველოს მოსახლეობა მიიღებს გაცილებით უკეთეს და ხელმისაწვდომ ჯანდაცვას და ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარებაც, ვინაიდან, მარტო რეფორმები და ინტელექტუალური ძალების განვითარება არაა საკმარისი თუ ინფრასტრუქტურაც არ ექნა საქართველოს ჯანდაცვას შესაბამისი.

თავიდანვე, როცა მოხდა სამედიცინო დაწესებულებების პრივატიზაცია/განკერძოება, ქვეყანამ გადაამლაშა. პრაქტიკულად აღარ დარჩა სახელმწიფოს დაქვემდებარებაში კლინიკები, მათ შორის ისეთი კლინიკები, რომლებიც აუცილებლად უნდა იყოს თუნდაც ერთი ან რამდენიმე ქვეყნის მასშტაბით, რათა დაბალანსებული იყოს ჯანდაცვის სისტემა, რა თქმა უნდა კერძო სექტორი იქნება წამყვანი, მაგრამ სახელმწიფოს დაქვემდებარებაშიც უნდა იყოს რამოდენიმე ძლიერი სამედიცინო დაწესებულება, რათა შენარჩუნებული იყოს ბალანსი და კონკურენცია. ასე რომ სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჰქონდეს ერთი სერიოზული თანამედროვე მულტიფუნქციური საავადმყოფო მაინც , მინიმუმ 400 საწოლზე გათვლილი. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში უამრავი სამედიცინო დაწესებულება გაიხსნა, მაინც არ გვაქვს არცერთი მულტიპროფილური, საწოლების დიდი რაოდენობით, სრულფასოვანი თანამედროვე საუნივერსიტეტო კლინიკა. ვერცერთი კლინიკა საქართველოში ამ პირობად ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ ქვეყანას ასეთი საავადმყოფო სჭირდება. და სად უნდა გაკეთდეს? რა თქმა უნდა იმ ადგილზე სადაც განთავსებულია დღევანდელი რესპუბლიკური და ამას ბევრი მიზეზი აქვს, თუნდაც ის რომ ლოკაცია საუკეთესო აქვს; არის დიდი ფართი, რომლის რაციონალურად გამოყენების შემთხვევაში შეიძლება შეიქმნას მსოფლიო დონის საავადმყოფო და კიდევ ის რომ, ის არის ტრადიციული ადგილი საავადმყოფოებისთვის. ის  დაახლოებით 50 წლის წინ შეიქმნა და ათეულობით წლის განმავლობაში ის იყო ქართული მედიცინის ფლაგმანი. იქ მოღვაწეობდნენ გამორჩეული მედიკოსები. იყო სერიოზული კვალიფიციური და მოტივირებული კოლექტივი, იყო განთავსებული სამედიცინო უნივერსიტეტის კათედრები. ეს იყო ერთგვარი ტაძარი სადაც ხდებოდა ავადმყოფების კვალიფიციური მკურნალობა,  ხორციელდებოდა კვლევებიც და ახალგაზრდა თაობის აღზრდაც. მაგრამ მოდი ვიყოთ გულწრფელები და ვთქვათ, რომ ეს საავადმყოფო ორი ათეული წელია უკვე ამ ფუნქციებს ვეღარ ასრულებს, მისი ინფრასტრუქტურა მოძველდა, ამორტიზებულია და ის არ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. არაერთხელ იყო მცდელობა ამ საავადმყოფოს რეკონსტრუქცია/რეაბილიტაციის წინა ხელისუფლების დროს, 1-2 ჯერ პომპეზურადაც გაიხსნა თითქოს გარემონტებული და განახლებული, მაგრამ ეს იყო ბუტაფორია და კოსმეტიკური რემონტი.  შენობის ძირითადი ნაწილი რჩებოდა ამორტიზებული, შესაბამისად ის ვერ ასრულებდა თავის ფუნქციას. მართალია დღეს იქ მუშაობს მაღალკვალიფიციური პერსონალი,  მაგრამ ეს არის მხოლოდ მცირე ნაწილი რისი მოცემას ამ საავადმყოფოს შეუძლია.

ამიტომ ჩემი აზრით, ქვეყანას აუცილებლად სჭირდება ერთი ასეთი მულტიფუნქციური, მრავალსაწოლიანი საავადმყოფო და ამისთვის საუკეთესო ადგილი არის დღევანდელი რესპუბლიკური.

-როგორ ფიქრობთ, უნდა დაინგრეს და აშენდეს ახალი შენობა-ნაგებობა, თუ უნდა განხორციელდეს რეკონსტრუქცია ძველი შენობების და ახლებიც დაემატოს?

ეს საკითხი ძალიან რთულია და მე რომ გაგცეთ ამაზე პასუხი არ იქნება სწორი. ეს უნდა გადაწყვიტონ არქიტექტორებმა, კონსტრუქტორებმა და იმ ადამიანებმა/კომპანიებმა, რომლებსაც აქვთ თანამედროვე დაწესებულების მშენებლობის გამოცდილება. შესაბამისად ამაზე მე პასუხი არ მაქვს.

-რესპუბლიკურის სამედიცინო პერსონალი უკმაყოფილო არიან სამინისტროს გადაწყვეტილებით. ვინაიდან ფიქრობენ, რომ თუ დაინგრევა ძველი შენობა, ისინი დაკარგავენ სამუშაო ადგილებს, თქვენ როგორ ფიქრობთ რამდენად სამართლიანია ეს პროტესტი? 

მათი პროტესტი სრულიად სამართლიანია. იქ ძალიან სერიოზული სპეციალისტები მუშაობენ, ნაწილი გადავიდა კერძო სექტორში, მაგრამ ვინც დარჩა ისინიც ძალიან პროფესიონალები არიან, ეს განსაკუთრებით კოვიდპანდმიის დროს გამოჩნდა, როდესაც მან ყველაზე მძიმე დატვირთვა მიიღო, ამის არ დაფასება ნამდვილად არ შეიძლება! შესაბამისად იქნება ახალი შენობა თუ ძველი რეკონსტრუქტირდება, იმ სამედიცინო პერსონალის უფლებები აუცილებლად დაცული უნდა იყოს, მათ უნდა მიეცეთ ღირსეული დასაქმების და ანაზღაურების შესაძლებლობა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს იქ მომუშავე სამედიცინო პერსონალის ინტერესების ხარჯზე თუნდაც ისეთი კლინიკის მშენებლობა, რომელიც საშვილიშვილო იქნება. მთავრობის წევრები, ყველა განცხადებაში ხაზგასმით ამბობენ, რომ იქ მომუშავე სამედიცინო პერსონალი იქნება ღირსეულად დასაქმებული და მიიღებენ ღირსეულ ანაზღაურებას. მე ეს მიმაჩნია უმთავრეს პირობად. რაც არ უნდა საშვილიშვილო საქმე კეთდებოდეს, ეს არ უნდა მოხდეს იქ მომუშავე პერსონალის ინტერესების დაზიანების ხარჯზე. ასეთ პირობას პრემიერი და მინისტრი დებენ, ჩვენ არ გვაქვს ამაში ეჭვის შეტანის მიზეზი.

-დადის მოარული ხმები, რომ თითქოს დაინგრევა რესპუბლიკური და მერე სხვა რამე აშენდება...

ასეთი ვარაუდი, დაშვება და ეჭვები ყველაფერზე შეიძლება, ეს ნდობის ფაქტორია უკვე. მე ვენდობი მთავრობას და მგონია, რომ ასე არ იქნება. მოდი დაველოდოთ. როგორც ვიცი, მინისტრი 7-10 დღეში აპირებს დეტალური გეგმის წარმოდგენას აპირებს მედიისა და საზოგადოებისთვის, თუ რის გაკეთებას აპირებს, როგორ აპირებს, რა მასშტაბებით აპირებს, როგორ აპირებს პერსონალის ინტერესების გათვალისწინებას და  მათი ინტერესების გათვალისწინებას. მინისტრი გვპირდება, რომ ამას მოკლე პერიოდში წარმოადგენს.  მანამდე სჯობს შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მერე გამოვთქვათ ჩვენი აზრი.