24 იანვარს მწერალთა სახლში გაიმართა პრეზენტაცია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის, ჟურნალ „ცისკრის“, 170 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო კრებულისა „კრიტიკა „ცისკარში“ (1957-1980 წლები)“, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა.
კრებულში თავმოყრილია ჟურნალ „ცისკარში“ 1957-1980 წლებში გამოქვეყნებული მნიშვნელოვანი კრიტიკულ-ესეისტური წერილები. ღონისძიებას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.
გამოცემა ქართული კულტურის მნიშვნელოვანი შენაძენია, რომელიც ხელს შეუწყობს ლიტერატურის ისეთი მნიშვნელოვანი დარგის განვითარებას, როგორიც არის ლიტერატურული კრიტიკა. იგი დიდ სამსახურს გაუწევს ჰუმანიტარული დარგების სპეციალისტებს, პედაგოგებსა და სტუდენტებს. ამ კრებულის გამოცემით არა მხოლოდ თითქმის ორსაუკუნოვანი ჟურნალის იუბილე აღინიშნა, არამედ მკითხველს საფუძვლიანი წარმოდგენაც შეექმნა ქართული კრიტიკის ერთ მნიშვნელოვან ეტაპსა და თვისობრივ განვითარებაზე.
„ცისკრის“ როლი ქართული სალიტერატურო კრიტიკის განვითარებაში საბჭოთა ეპოქაშიც კი განსაკუთრებული იყო. ჟურნალის აღდგენის შემდეგ, 1957 წლიდან, კრიტიკოსების ახალმა თაობამ აქტიური ბრძოლა დაიწყო „მოთვინიერებული“ მწერლობის, ხელისუფლების მაამებლური თხზულებების, სოციალისტური რეალიზმით გამსჭვალული ლიტერატურული სუროგატების წინააღმდეგ.
1957-1980 წლებში „ცისკარში“ გამოქვეყნებული ლიტერატურული მასალა იმის დასტურიც არის, რომ ქართველმა კრიტიკოსებმა საბჭოთა ცენზურის პირობებშიც კი შეძლეს მკითხველისთვის თავიანთი პირუთვნელი მოსაზრებების გაცნობა და იმ ნაწარმოებების ინტერპრეტაცია, რომლებიც პრინციპულად ეწინააღმდეგებოდა კომუნისტურ იდეოლოგიასა და საბჭოური ცხოვრების წესს.
აღსანიშნავია, რომ გარდა საიუბილეო კრებულისა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, ლიტერატურული პროცესების წახალისებისა და პერიოდული ლიტერატურული გამოცემების ხელშეწყობის მიზნით, ჟურნალ „ცისკრის“ გამოცემასაც აფინანსებს.