გარემოს დაცვის კომიტეტის წევრმა, ზაზა ხუციშვილმა "აიპრესთან" დედაქალაქში გამწვანების არსებული ვითარების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომ პავლოვის ქუჩაზე სრულიად ჯანმრთელ ხეებზე არაკეთილსინდისიერი დასკვნა დაიწერა.
გარდა ამისა, ხუციშვილი მიიჩნევს, რომ თუ არსებობს სამართლიანი დასკვნა, რომლის მიხედვითაც ხე მოსაჭრელია, მესაკუთრემ მის მოსაჭრელად თანხა არ უნდა გადაიხადოს.
"ჩვენ არასამთავრობოებთან გვაქვს კონსულტაციები და პრაქტიკულად ძალიან ბევრ საკითხში თანხვედრა გვაქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ჩვენ გვაქვს სამართლიანი დასკვნა, რომ ხე მოსაჭრელია, მაშინ კერძო მესაკუთრეს უნდა ჰქონდეს საშუალება, ეს ხე მოჭრას და ამაში არ უნდა გადაიხადოს თანხა. დღეს როგორც მუშაობს სისტემა, მან უნდა მიმართოს მერიის სამსახურებს, ისინი მოდიან, ზოგჯერ შეიძლება დროში გაეწელოთ და ეს გარკვეული თანხა უჯდება მერიას. თუ ხე არის მოსაჭრელი და დასკვნა არის სანდო, მე მიმაჩნია, რომ მესაკუთრემ ამაში თანხა არ უნდა გადაიხადოს. თუ მას უნდა აღდგენა, გამოდის რომ ერთხელ უნდა გადაიხადოს თანხა, რომ მოჭრას ხე და იმის მაგივრად, რომ ახალი ნერგი დარგოს, მეორედ თანხა უნდა გადაიხადოს.
საფრთხეებს ვხედავთ იმაში, რამდენად სწორად არის გაცემული დასკვნა. ამ მიმართულებით გვინდა გააქტიურება. უნდა შეიქმნას სისტემა, რომელიც გამოავლენს, თუ ნერგი ძალით არის გახმობილი. ასეთი რამეც ხდება. იყიდება სპეციალური თხევადი მასალები. მიასხამ და ერთ თვეში გამხმარია ის ხე. აი, ამის ექსპერტიზის საშუალებაც უნდა იყოს. არ არის ძნელი, რომ მერქანს ქიმიური ანალიზი აუღო. ეს მექანიზმი უნდა დავხვეწოთ, რომ არ მოხდეს არაკეთილსინდისიერი დასკვნის გაცემა, როგორც მოხდა, მაგალითად, პავლოვის ქუჩაზე, სადაც ჯანმრთელ ხეებზე დაიწერა დასკვნა, რომ... ძალიან მნიშნელოვანია, რომ მხოლოდ დიპლომი არ იყოს საჭირო, რომ ასეთი დასკვნა გაიცეს",- განაცხადა ხუციშვილმა.




