გვადალახარაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ელჩი ზაზა გაბუნია ხალისკოს სოციალურ მეცნიერებათა კვლევითი და სასწავლო ცენტრის - Colegio de Jalisco-ს წარმომადგენლებს და პრეზიდენტს, პროფესორ რობერტო არიას დე ლა მორას შეხვდა.
მასპინძლებმა სტუმრებს ცენტრის ბიბლიოთეკა, უნიკალური საცავები და ექსპონატები დაათვალიერებინეს, ხოლო პრეზიდენტმა ელჩს "ვეფხისტყაოსნის" ესპანურენოვანი გამოცემის სასიგნალო ეგზემპლიარი წარუდგინა. აღნიშნული პროექტის განხორციელებაში, საელჩოსთან ერთად, მონაწილეობდნენ მალაგას უნივერსიტეტი, სადაც გამოიცა პირველი თარგმანი და Colegio de Jalisco. ბატონმა ელჩმა მადლობა გადაუხადა მასპინძლებს გულთბილი და საქმიანი შეხვედრისათვის და რუსთაველის უკვდავი ქმნილების ერთობლივი გამოცემის პრეზენტაციის დაგეგმვა 2022 წლის აპრილისათვის შესთავაზა. სიმბოლურია, რომ სწორედ მომავალი წლის აპრილში, თბილისი, როგორც წიგნის მსოფლიო დედაქალაქი, ესტაფეტას გადასცემს გვადალახარას.