საკანონმდებლო ორგანოს წინ, რუსთაველის გამზირზე 9 აპრილის მემორიალთან აქციის მონაწილეებმა პაატა ბურჭულაძესთან ერთად ფიცი დადეს.

„დღეს, 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე, სადაც 36 წლის წინ ჩვენი, შენი გმირები ლოცვით და სიმღერით იბრძოდნენ საბჭოთა ჯარების პირისპირ საქართველოს თავისუფლებისათვის, მათი წამებული სულების წინაშე, რომლებიც დაგვცქერიან დღეს ჩვენ, ვფიცავთ, დავიცავთ მათ მონაპოვარს – საქართველოს დამოუკიდებლობას, დავიცავთ თითოეულ მებრძოლს, „სინდისის პატიმრებს“. არ მივატოვებთ სიმართლისთვის დევნილებს. სიტყვით და საქმით, სიყვარულით ხელს გავუწვდით მათ და მათ ოჯახებს. მხარში ამოვუდგებით ერთმანეთს. ვიბრძოლებთ ბოლომდე ამ ქვეყნისა და ხალხის თავისუფლებისთვის. დაე, ღმერთი იყოს ჩვენი შემწე ამ დიდ ბრძოლაში“, – აღნიშნულია ფიცის ტექსტში, რომელიც პაატა ბურჭულაძემ წაიკითხა. სადაც ოპოზიციის ლიდერებიც იმყოფებოდნენ.