ვისაც “ვეფხისტყაოსანი” და თეატრი უყვარს - მიდექით, მოდექით, იშოვეთ ბილეთები და ნახეთ. უ-უ-უმაგრესია! შედევრია! თუ გაპრანჭულად გირჩევნიათ, გეტყვით, რომ საეტაპო კულტურული მოვლენაა - უმაღლესი კლასი! "- ამის შესახებ საზოგახოებფივჯ მაუწყებლის სამეურველო საბჭოს თავმჯდომარე ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.
"ახლა დავბრუნდი სპექტაკლიდან და სრულიად აღფრთოვანებული ვარ. ამას ჩემი იმ მეგობრების საყურადღებოდ ვწერ, ვისაც “ვეფხისტყაოსანი” და თეატრი უყვარს - მიდექით, მოდექით, იშოვეთ ბილეთები და ნახეთ. უ-უ-უმაგრესია! შედევრია! თუ გაპრანჭულად გირჩევნიათ, გეტყვით, რომ საეტაპო კულტურული მოვლენაა - უმაღლესი კლასი! (დაივიწყეთ, წაიშალეთ გონებიდან მთელი ის ფეისბუკური აჟიოტაჟი, თვითონაც შეცდომაში შეყვანილმა “დაუსწრებელმა მაყურებლებმა” რომ შექმნეს და გამოიწვიეს. არ გინდათ კამათი და ნერვების თხრა, უბრალოდ მიდით, ნახეთ და გაიხარეთ!)
ეცადეთ, ბავშვებსაც ანახოთ და მათშიც გაიღვიძებს ინტერესი ამ პოემისადმი, რომელზეც თითქოს კი ვთანხმდებით, რომ ჩვენი იდენტობის საფუძველია და რომელიც თითქმის ყველა ოჯახში დევს, თუმცა, სინამდვილეში, ლამის სეიფში ჩაკეტილ სამუზეუმო ექსპონატად არის ქცეული, რადგან, ძნელად, რომ ვინმე თავის ნებით (!) კითხულობდეს (საკამათოდ არ ვამბობ, თქვენც ხომ იცით, რომ ასეა?!) სკოლებში კი “ვეფხისტყაოსნის” სწავლების რა მეთოდიც არის დანერგილი, ამ პოემისადმი გაუცხოებას და შიშს უფრო იწვევს.
სპექტაკლს დავბრუნდეთ. რეჟისორმა სცენაზე სამუზეუმო ქანდაკებები კი არ დააყენა, არამედ ნამდვილი, ცოცხალი, გრძნობებით და განცდებით აღსავსე პერსონაჟები გამოიყვანა, როგორებიც რუსთველმა თავის პოემაში დახატა.
პიესა მხოლოდ თინათინის გამეფებას და ტარიელთან შეხვედრას მოიცავს, თუმცა, ეს ეპიზოდი, ფაქტობრივად, დამოუკიდებელ პიესად არის ქცეული და მოგვითხრობს ერთ სახელმწიფოში მიმდინარე მოვლენებზე, სადაც როსტევან მეფე დაბერდა მეფე ლირივით, თუმცა, მასზე წინდახედულია, თანაც მხოლოდ ერთი შვილი ჰყავს და ისიც, საბედნიეროდ, კორდელიას მსგავსი.
ახლა იმ თემას რაც შეეხება, რამაც წალეკა ფეისბუკი - ვაი, ვაი, ეს რა უქნეს ჩვენს სავლესო! სინამდვილეში თინათინის სახე შექმნილია დიდი სიფაქიზით და დიდი სილამაზით. ვულგარულობის ნასახი არის, “ვეფხისტყაოსანს” რომ ეკადრება, ზუსტად ისეა, ძალიან ზუსტად და ესთეტიურად!.
მიხვალთ, ნახავთ, დარწმუნდებით!
ახალგაზრდა, სათნო და კეკლუც თინათინს მოულოდნელად ტახტზე ასვლა მოუწია, სამეფოს ტვირთი დააწვა და ჩვენს თვალწინ მისი ტრანსფორმაცია იწყება, იგი ერთდროულად ახალგაზრდა გოგოცაა და, ამავე დროს, მეფეცა, მის ხმას ფოლადი ერევა და ამ როლს ბრწყინვალედ ასრულებს ქალბატონი ქეთი სვანიძე - იდეალური თინათინია.
ორ სიტყვას ლანძღვაზე და შეურაცხყოფაზეც ვიტყვი. ცხადია, ავტორთა დიდი უმრავლესობა შეცდომაშია შეყვანილი. გავა დრო, ისინიც ნახავენ ამ სპექტაკლს და მაშინ რეჟისორსაც და მსახიობებსაც, საკუთარ გულში მაინც, ბოდიშს მოუხდიან.
ცუდმა წლებმა, გაჭირვებამ, კულტურაც დაჩაგრა, კულტურა და განათლება კი ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის, ფარიცაა და მახვილიც. ქვეყანა თანდათან ფეხზე დგება, ჰოდა, რუსთაველის თეატრმა უცებ ასეთი შედევრი გაისროლა. ნანახი არ გქონდეს და ასე იმეტებდე, წესით, არ ვარგა!
მუსიკალური და მხატვრული გაფორმება იდეალურია - “ვეფხისტყაოსანს” რომ ეკადრება და უხდება, ქართული სისადავით.
ზოგადად, “ვეფხისტყაოსანთან” ურთიერთობისას ერთ-ერთ სირთულეს მისი ენა წარმოადგენს, თავისი დიდებულებისა და შეუდარებლობის გამო. მის პოეზიას თუ შეელევი და გადმოაპროზაულებ, რასაც ხშირად სჩადიან საქმის გაიოლებისთვის, იკარგება მთავარი და ძვირფასი, არადა, მსახიობებმა რომ “ვეფხისტყაოსნის” სტროფების კითხვა დაიწყონ, მაყურებელი ორ წუთში მთქნარებას დაიწყებს. ამ სპექტაკლში კი რეჟისორს ჯოჯოხეთური შრომა ჩაუდევს, სულ სტრიქონ-სტრიქონ აუკინძავს პიესა, რუსთველის ენაც შენარჩუნებულია, შინაარსიც გასაგებია და აქცენტებიც უზუსტესი. როგორც ჩანს, რობერტ სტურუას არც ისე ძულს “ვეფხისტყაოსანი”, როგორც ფეისბუკში წერენ ხოლმე :) ! ბავშვები რომ გეტყვიან სპექტაკლის ბოლოს, ყველაფერი გავიგეთო, მაშინ გაგახსენდებათ ჩემი ნათქვამი.
“ვეფხისტყაოსანი” მე წასაკითხად მიყვარს და თეატრი სანახავად, ამ თემაზე კამათი არ მაინტერესებს, უბრალოდ შთაბეჭდილება გავუზიარე მეგობრებს, რომელთაც, წინა აქვთ ამ სპექტაკლის პირველად ნახვის ბედნიერება!
P. S. ბრავო, მაესტრო, ძალიან მაგარი ხარ!"- წერს ვასილ მაღლაფერიძე.







