დიდი თანაგრძნობით ვარ გამსჭვალული მზია ამაღლობელის მიმართ. საზოგადოებაც ვართ მსხვერპლი, ერთად მივედით ამ ვითარებამდე. ბევრი დადებითი მსმენია ამ ქალბატონზე. მოხდა ის, რაც მოხდა. საქართველოში არ მგონია, იმაზე ვკამათობდეთ, ერთმანეთს სილები უნდა გავაწნათ თუ – არა, არა მარტო პოლიციელს. ამავე დროს, როგორც ერთი ადამიანი, მთლიანობაში, ველოდები დიდ ჰუმანურობას, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, ვასილ მაღლაფერიძემ პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ნეტავ, პირველ არხს რამე შეეძლოს და საკითხის გადაჭრა ბანერის გადმოფენით და ჩვენი ლანძღვა-გინებით ეშველებოდეს. კი ბატონო, თუ ეს უშველის, მაგრამ მგონია, რომ ჩვენ ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ჰუმანურობის, მიმტევებლობისა და სამართლიანობის ბალანსის დონეზე. პირდაპირ ვთქვათ, ადამიანებს რა აწუხებთ, ერთი არის სამართლის სტანდარტი. ეს პოლიტიკური მიზნებისთვის კი არა, ჩვენი საერთო ქვეყნისთვის გამოვიყენოთ, არც სილა ვულაწუნოთ ერთმანეთს, არც საჭმელში ჩავუფურთხოთ და არც დედა ვაგინოთ. ამ თემაზე პირველი არხის დამუნათება ყველა იმ ადამიანის სინდისზე იყოს, ვინც ამას აკეთებს. მე ვფიქრობ, პირველი არხის ჟურნალისტები ძალიან ღირსეულად იქცევიან და ღირსეულად მოიქცევიან. პირველ არხს თუ ოდნავ რამე აქვს შესაძლებლობა, ყველა დარწმუნებული უნდა იყოს, რომ გადადგამს ყველა ნაბიჯს, რომელიც იქნება აუცილებელი.
პირველი არხის ჟურნალისტებისთვის ეს დიდი ტკივილია და უნდათ, ეს საკითხი გადაიჭრას ჰუმანურ საფუძველზე. თუმცა, ამავე დროს ვამბობთ, რომ ჩვენ სილა არ უნდა გავარტყათ ერთმანეთს. ამ ოპტიმიზმით ვარ გამსჭვალული. პირველ არხს რაც შეუძლია, თავის საქმეს ყოველთვის გააკეთებს, როგორც გაგვიკეთებია. მე რომ სულ არ ვიყო, ამას არც ბორდი სჭირდება და არც პარიტეტი. საბავშვო ბაღში არ ვართ, რომ ჩვენ ვინმე დავარიგოთ. არ სჭირდება, იმიტომ არის ძირითადი კოლექტივი აქ ერთად/
იმედი ვიქონიოთ, რომ მთლიანობაში ჩვენში ჰუმანიზმი ძლევს და დავუბრუნდებით ადამიანურ საწყისებს, რომელსაც ჩვენ ოდნავ გადავუხვიეთ. ჩვენ დროზე გვჭირდება ადამიანურ საწყისებთან დაბრუნება“, – განაცხადა ვასილ მაღლაფერიძემ.
ცნობისთვის, ბათუმის რაიონულ სასამართლოში მოსამართლე ნინო სახელაშვილი ინტერნეტ გამოცემა „ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეუფარდა
მზია ამაღლობელს პროკურატურამ სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლით ბრალი წარუდგინა, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსის ირაკლი დგებუაძემ განაცხადა: "ყველა პირი, რომელიც დაკავდა ადმინისტრაციული წესით, არის დაკავებული სამართალდარღვევისთვის. კონკრეტულ მტკიცებულებებს წარმოვადგენთ სასამართლოში და იქ იმსჯელებს მოსამართლე, არაკანონიერად დავაკავეთ თუ კანონიერად. მზია ამაღლობელის დაკავების კადრები არსებობს რომელსაც თუ ნახავთ, თქვენ თავად გასცემთ ამ კითხვას პასუხს. ახლა კითხვებზე პასუხისგან თავს შევიკავებ, რადგან ჩემ მიმართ იყო მისი მხრიდან თავდასხმა, დანარჩენს სასამართლოში გავარკვევთ".
მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან შიმშილობს.