თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდებაში ცვლილებები შევიდა
მიმდინარე წლის 1 თებერვალს სსიპ თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდებაში ცვლილებები შევიდა, კერძოდ:

ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრი ფუნქციონირებს 2003 წლიდან და არის კონსერვატორიის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული. კონსერვატორიის წესდება სათანადოდ არ აწესრიგებდა დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულთან დაკავშირებულ საკითხებს. წესდების ცვლილებით განისაზღვრა დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტრუქტურა, მართვის ორგანოები, უფლებები და მის საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საკითხები.

აკადემიური საბჭოს შემადგენლობა შესაბამისობაში მოვიდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონთან და ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრს, როგორც დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს, ეყოლება წარმომადგენელი აკადემიურ საბჭოში.
გაიზარდა აკადემიური საბჭოს შემადგენლობა, სადაც თითოეული ფაკულტეტიდან სამის ნაცვლად აირჩევა ოთხი წარმომადგენელი.

არჩევნების სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპის სათანადო რეალიზაციის მიზნით, დადგინდა, რომ პრეტენდენტი, რომელიც ამავდროულად იკავებს რექტორის თანამდებობას, მონაწილეობას ვერ მიიღებს რექტორის შესარჩევად გათვალისწინებულ კენჭისყრაში/შეფასებაში.

კონსერვატორიაში არსებული თანამდებობების ჩამონათვალს დაემატა სამეცნიერო თანამდებობები, ასევე, განისაზღვრა მათი დაკავებისა და ატესტაციის წესი, შესაბამისობის პროცედურები, სამეცნიერო პერსონალის შრომითი ურთიერთობების წარმოშობისა და შეწყვეტის საფუძვლები, მეცნიერის უფლებები და მოვალეობები.
წესდებაში განხორციელდა სხვადასხვა ტექნიკური ხასიათის ცვლილება, ასევე, კანონმდებლობის შესაბამისად, დაზუსტდა კონსერვატორიის მართვის ორგანოების უფლებამოსილებები.

გარდამავალი დებულებით კონსერვატორიას განესაზღვრა 15 დღე აკადემიურ საბჭოში თითოეული ფაკულტეტიდან და ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრიდან დამატებით თითო წევრის ასარჩევად საჭირო პროცედურების განსახორციელებლად, ხოლო სამი თვე - ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის საერთაშორისო ცენტრის, როგორც უკვე არსებული დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის, სამართლებრივი დოკუმენტებისა და სტრუქტურის კონსერვატორიის წესდებასთან შესაბამისობაში მოსაყვანად.