კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, 50-წლიანი წყვეტის შემდეგ გრძელდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მუშაობა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში ინსტრუმენტების დეფიციტის აღმოსაფხვრელად. კომპანია „სტეინვეი ენდ სანსთან“ (STEINWAY & SONS) თანამშრომლობა კულტურის სამინისტრომ 2021 წელს დაიწყო და დღეს როიალების უკვე მეოთხე პარტია მიიღო.
ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიას ამჟამად გადაეცა 10, კონსერვატორიის ჯაზის განყოფილებას 2 და კონსერვატორიის მანანა დოიჯაშვილის სახელობის სამუსიკო სემინარიას 1 როიალი. როიალები უკვე აუდიტორიებშია, სადაც ისინი კომპანიის პროფესიონალმა ინჟინრებმა ააწყვეს, გამართეს და შეამოწმეს.
ინსტრუმენტების დეფიციტი სახელმწიფო კონსერვატორიისთვის წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი პრობლემა იყო. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა მისი მიგვარების აუცილებლობის შესახებ 2021 წელს განაცხადა და ამავე წელს დაიწყო აქტიური მოლაპარაკებები კომპანია „სტეინვეისთან“. საგულისხმოა ქართველ-ამერიკელი პიანისტისა და კომპოზიტორის, ცნობილი ხელოვანის, გიორგი ლაცოს, წვლილი, რადგან მან სამინისტროსა და „სტეინვეის“ შორის მოლაპარაკებების დაწყებას განსაკუთრებულად შეუწყო ხელი.
ნაყოფიერი მოლაპარაკებების შედეგად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხელშეწყობით, კულტურის სამინისტრომ მსოფლიოში აღიარებულ მწარმოებელთან რამდენიმეწლიანი სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა. დოკუმენტის მიხედვით, კონსერვატორიას ეტაპობრივად, 2025 წლამდე, გადაეცემა 78 როიალი. ინსტრუმენტების გადაცემის განრიგი ასეთია: 2022 წელს საქართველომ მიიღო 17 როიალი, 2023-25 წლებში კი მიიღებს 61 როიალს (კონსერვატორიის მიერ განსაზღვრული მოდელებისა და რაოდენობის მიხედვით), რისთვისაც ჯამში გამოიყო 8 012 636 ევრო.
2022 წლის 14 სექტემბერს საქართველოს კულტურის სამინისტრომ „სტეინვეის“ ცხრა როიალი მიიღო და 50-წლიანი წყვეტის შემდეგ კონსერვატორიის როიალების ფონდი განახლდა. ამ ცხრა როიალიდან ხუთი სამუშაო როიალია, ორი - ნახევრად საკონცერტო, ორი კი კამერული ანსამბლისთვის არის განკუთვნილი. 2022 წლის 8 დეკემბერს კონსერვატორიას გადაეცა როიალების მეორე პარტია - რვა როიალი, 2023 წლის 15 ივნისს კი - კიდევ შვიდი როიალი.
მიმდინარე წლის 15 სექტემბერს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი „სტეინვეი ენდ სანსის“ ხელმძღვანელებს შეხვდა. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2024 წლის განმავლობაში როიალების შემოტანის პროცედურებსა და სამომავლო მომარაგების საკითხებს. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა სხვა სამუსიკო-საგანმანათლებლო დაწესებულებების ხელშეწყობაზე. „სტეინვეის“ წარმომადგენლებთან მოლაპარაკებისას მინისტრმა კიდევ ერთხელ წამოჭრა საკითხი, რომ კომპანიამ გადაამზადოს ქართველი ფორტეპიანოს ამწყობი სპეციალისტები და ჰამბურგში, „სტეინვეის“ ქარხანაში, სამინისტროს დაფინანსებით მათ გაიარონ ტრენინგ-კურსები, რათა ინსტრუმენტების ეს დიდი ფონდი სათანადოდ შევინახოთ.
აღსანიშნავია, რომ მრავალწლიანი ისტორიის კომპანია „სტეინვეისთვის“ ევროპის მასშტაბით ეს შესყიდვა უპრეცედენტოდ ითვლება.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა გერმანიის ქალაქ ჰამბურგში, კომპანიაში „სტეინვეი ენდ სანს“. თეა წულუკიანი კომპანიის პრეზიდენტ გვიდო ციმერმანსა და რეგიონულ დირექტორ ანტონ ვილჰელმს შეხვდა. მინისტრმა დაათვალიერა „STEINWAY & SONS“-ის როიალების საწარმო და საქართველოსთვის განკუთვნილი რვა როიალი, რომლებიც ჰამბურგიდან 25 ნოემბერს უნდა გამოეგზავნათ.
სამწუხაროდ, მუსიკალური ინსტრუმენტების დეფიციტი აქტუალური პრობლემაა არა მხოლოდ კონსერვატორიის, არამედ სხვა სახელოვნებო სასწავლებლებისთვისაც. ინსტრუმენტები განსაკუთრებულად სჭირდებათ: სსიპ ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელს, სადაც მუსიკალური ინსტრუმენტები ბოლოს გასული საუკუნის 70-იან წლებში შეიძინეს, სსიპ გორის სამუსიკო კოლეჯს (1971 წლის შემდეგ კოლეჯს ახალი ინსტრუმენტი არ შეუძენია), სსიპ რუსთავის სამუსიკო სასწავლებელს (60-იანი წლების შემდეგ ინსტრუმენტები არ განახლებულა) და არაერთ სხვა სასწავლო დაწესებულებას.
სახელმწიფოს დახმარებით, 2021 წლის ოქტომბერში, პირველად ბოლო 50 წლის განმავლობაში, ინსტრუმენტების ბაზა განახლდა სსიპ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში - „ნიჭიერთა ათწლედი“. კულტურის სამინისტრომ სასწავლებლისათვის შეიძინა სრულიად ახალი, მაღალი ხარისხის მუსიკალური ინსტრუმენტები: როიალი ’’STEINWAY & SONS (Essex Piano)“, ფლეიტა, საყვირი, ტრომბონი, კლასიკური გიტარა, დასარტყამი ინსტრუმენტები, ქსილოფონი და ვალტორნა, თუმცა, მიუხედავად ამისა, „ნიჭიერთა ათწლედში“ ინსტრუმენტების დეფიციტი კვლავ აქტუალურ პრობლემად რჩება.