ვაკის რაიონის გამგეობის "ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში და მოსახლეობის განაცხადების საფუძველზე, მიმდინარეწელს, სხვადასხვა უბანში 141 სარეაბილიტაციო პროექტი დაფინანსდა.
კერძოდ, 8 მისამართზე წყლისა და წყალარინების შიდა ქსელი განახლდა, 2 მისამართზე სამუშაოები ამ დრომდე გრძლდება. დაფინანსდა 67 ლიფტის რეაბილიტაციის პროექტი, მათ შორის 52 პროექტი შესრულების პროცესშია.
მრავალბინიანი კორპუსის სახურავისა და წყალსაწრეტი მილების განახლების პროექტი 30 მისამართზე დაფინანსდა. ასევე, დაფინანსდა სადარბაზოს კარების განახლების 14 და საერთო სარგებლობის კიბისა და სართულშუა ნაპრალების რეაბილიტაციის 10-10 პროექტი.
საერთო ჯამში, აღნიშნული სარეაბილიტაციო პროექტების განსახორციელებლად გამგეობის ბიუჯეტიდან 5 209 342 ლარი გამოიყო.
კანონმდებლობით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა საერთო ქონების ერთობლივად მართვა მესაკუთრეებს ეკისრებათ. გადაწყვეტილებები ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრთა კრებაზე, ამხანაგობის ყველა წევრის
ჩართულობით მიიღება.
„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ წესის თანახმად, გამგეობის მიერ სამუშაოების განხორციელებისას, პროექტების ღირებულების 5-10% ამხანაგობის საერთო ანგარიშზე რჩება და მოსახლეობის მიერ კორპუსის საერთო საჭიროებებს მოხმარდება.
ამხანაგობა ვალდებულია, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსებული სამუშაოების შედეგად რეაბილიტირებული და ამხანაგობის საერთო სარგებლობაში არსებული ქონების მოვლა-პატრონობა განახორციელოს.