იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. იუსტიციის მინისტრმა უნივერსიტეტში შეკრებილ ახალგაზრდებს ქართული კანონმდებლობისთვის ინოვაციური პროექტი − „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ − გააცნო.
„ჩვენ დავიწყეთ საქართველოს უნივერსიტეტებში „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ წარდგენა. ჩვენი მთავრობის და იუსტიციის სამინისტროს რეფორმებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმაა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“. ეს კოდექსი ბავშვის საუკეთესო ინტერესებზეა მორგებული და გამორიცხავს ჩვენს ქვეყანაში წარსულის იმ კულტურას, რაც შეეხებოდა 14-15-16 წლის ბავშვების ბევრი წლით ციხეში ჩასმას, როგორც კი მათ ერთხელ რამე შეეშლებოდათ. ეს კოდექსი არის რეალურად ის, რაც ჩვენს ქვეყანას პირველად აქცევს გაერო-ს ბავშვთა კონვენციის შესაბამის ქვეყნად და სადაც ბავშვის უფლებები სისხლის სამართლის პროცესში იქნება დაცული“, − განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეხვედრაზე მინისტრმა პირადად მიაწოდა სტუდენტებს ინფორმაცია „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ შესახებ. მინისტრმა დეტალურად განუმარტა ახალგაზრდებს, თუ რა სიახლეებია 18 წლამდე მოზარდების საქმეების გამოძიების კუთხით; რა მიდგომები ინერგება დაზარალებული, მოწმე და ბრალდებული ბავშვების მიმართ.
მინისტრმა სტუდენტებს განუმარტა, რომ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით“ ჩნდება ახალი მიმართულებები პროფესიებში. კოდექსის ამოქმედების მომენტიდან არასრულწლოვანთა საქმეებზე მუშაობას მხოლოდ სპეციალიზებული პროკურორები, მოსამართლეები, პოლიციელები, ადვოკატები და სოციალური მუშაკები შეძლებენ. სპეციალიზებული კადრები მათთვის საჭირო სწავლებას გაივლიან და განსხვავებულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ. იუსტიციის მინისტრის თქმით, მომავალი ახალგაზრდა პროფესიონალები უნდა დაინტერესდნენ ამ შესაძლებლობით და საკუთარი წვლილი შეიტანონ „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ ამოქმედებაში.
თეა წულუკიანმა სტუდენტებისთვის „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის“ გაცნობა 2 ოქტომბერს დაიწყო. იუსტიციის მინისტრმა პირველი შეხვედრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართა.
საქართველოს პარლამენტმა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ 12 ივნისს მიიღო. კოდექსი კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვებისთვის ნოვაციებს ამკვიდრებს. ძირითადი პრინციპები, რომელთაც „არასრულწლოვნების მართლმსაჯულების კოდექსი“ ეყრდნობა, შემდეგია:
არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების პრიორიტეტულობა;
ნასამართლობის გაქარწყლება;
ინდივიდუალური მიდგომა;
პატიმრობა და თავისუფლების აღკვეთა მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში;
მართლმსაჯულების პროცესის გაჭიანურების დაუშვებლობა;
პატიმრობის/თავისუფლების აღკვეთის გაუმჯობესებული პირობები;
პასუხისმგებლობის ალტერნატიული ზომის პრიორიტეტულობა;
თანაზომიერება და შესაბამისობა.
კოდექსის ამოქმედება დაგეგმილია 2016 წლის 1 იანვრიდან. ამასთან, იმ მუხლების ამოქმედება, რომელთა იმპლემენტაციისთვის დამატებითი ღონისძიებების გატარებაა საჭირო, იგეგმება 2016 წლის განმავლობაში და 2017 წლის 1 იანვრიდან.