„უკანონო პატიმარი ვიყავი. იქ დამინიშნეს „აქტრაპიდი“, „ინსულტარდი“, არც მჭირდებოდა. სტრესის გამო, არასწორი მკურნალობის შედეგად დიაბეტი განმივითარდა პირველ დაჭერაზე. დამიზიანდა ორივე თირკმელი და წელიწად-ნახევრის წინ გადავინერგე თირკმელი. დღეს ვარ პირველი ჯგუფის ინვალიდი. ეს დამმართა ამ რეჟიმმა“ – ამის შესახებ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე დავით ქანთარიამ განაცხადა და პატიმრობის პერიოდი გაიხსენა.
დავით ქანთარამ კომისიის სხდომაზე საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მიმართა, რომელიც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" იმყოფება, სამკურნალოდ.
„გამოდი „ვივამედიდან“ და ერთი საათით ჩაჯექი. ხომ ხარ მაგარი კაცი, ნახე, რა დღე გადავიტანეთ მე და ჩემებმა. პირდაპირ მუდმივ პატიმრობამისჯილებთან ვიყავი“.
წალენჯიხისა და ფოთის ყოფილმა მერმა, დავით ქანთარიამ სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილ პროკურორს როლანდ ახალაიას შესახებ და მას სამეგრელოს სირცხვილი უწოდა.
„როლანდ ახალაია არის არარაობა და სირცხვილი სამეგრელოსი. მისი აგრესია პირადად ჩემი მიმართულებით წამოვიდა, რადგან მანქანიდან გვესროლეს მე, ზუგდიდის ყოფილ გამგებელს, ედიშერ ჩარგაზიას და მას. ის დაიმალა. ეს არის მშიშარა კურდღელი, რომელიც შემდეგ რაღაცნაირად გამყარდა, მოაჯდა მთელ სამეგრელოს და, თავისი ჭკუით, გახდა ლევან დადიანი. ახალაიამ დაჩაგრა სამეგრელო. ხშირად ვახსენებ, რომ მან სამეგრელოს მოუწყო ე.წ. მეგრელთა საქმე. 12 წელზე მეტია, გამოვდივარ ტელევიზიით, პრესით, „ფეისბუქით“, მას პასუხი არასდროს გაუცია.
როლანდ ახალიამ დაიჭირა სოსო ჭანტურია, აბაშის ყოფილი გამგებელი, ყოფილი პარლამენტარი. სოსო ჭანტურია გარდაიცვალა ციხეში. რატომ? სოსო უნდა გამოსულიყო ციხიდან და გაშვების წინა ღამეს მას როლანდ ახალაიამ დაუმატა სასჯელი. მანამდე სოსო გულის შეტევით გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც თვეზე მეტი იწვა. შემდეგ დააბრუნეს ციხეში. სოსო საკანში გამწარებით იხვეწებოდა, წამიყვანეთ, აქ ნუ მომკლავთო. საავადმყოფოდან ძლივს გამოიყვანეს, დასჭირდა შულტირება. შემდეგ დააბრუნეს ციხეზე, გადაიყვანეს ზონაში, საიდანაც უნდა გასულიყო მეორე დღეს, თუმცა წაუკითხეს ახალი ბრალი და დაუმატეს ორი წელიწადი. იმ ღამესვე გული გაუსკდა და გარდაიცვალა. სოსო გაასვენეს „რეზბალნიცის“ მორგიდან. პატიმრის გასვენების დღეს რამდენჯერმე იყო ზარი, რომელიც დღემდე ჩამესმის ყურში. სოსოს სხეული გამოტენეს ნახერხით და შიგნით კუნძი ჩაუდეს. სულხან მოლაშვილმა და დათო მირცხულავამ არ დაუშვეს ეს, გააპატიოსნეს მიცვალებული და გამოუშვეს აბაშაში“, – განაცხადა დავით ქანთარიამ.