შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თბილისის პოლიციისა და კახეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1971 წელს დაბადებული მ.ა. განზრახ მკვლელობის და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა 2022 წლის 21 სექტემბერს, კახეთის რეგიონის ერთ-ერთ სოფელში, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა 1986 წელს დაბადებულ ა.ჰ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა საქმეზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბრალდებული კახეთში დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.