თსუ მედიცინის ფაკულტეტის დელეგაცია სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა თურქეთის რესპუბლიკაში, აჯიბადემის უნივერსიტეტში. ვიზიტის მიზანი უნივერსიტეტებს შორის სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები, კერძოდ, სტუდენტების და აკადემიური პერსონალის გაცვლის შესაძლებლობების საკითხები და საერთო კვლევითი პროექტების შემუშავება იყო.

თსუ მედიცინის ფაკულტეტის დეკანი, ასოც. პროფესორი მაია ბიწკინაშვილი, მორფოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი, ანატომიის და ოპერაციული ქირურგიის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი დიმიტრი კორძაია და კლინიკური და კვლევის უნარების კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი ნინო შარაშიძე შეხვდნენ  აჯიბადემის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის დეკანს ნადი ბაკირს და სკოლის სხვა წარმომადგენლებს.

აჯიბადემის უნივერსიტეტის მედიცინის სკოლის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს დეტალური პრეზენტაციები მედიცინის პროგრამის, მათი აკადემიური პერსონალის და სამეცნიერო მიღწევების შესახებ. გაიმართა საინტერესო დისკუსიები სამომავლო თანამშრომლობის განვითარების გეგმებთან დაკავშირებით. თსუ მედიცინის ფაკულტეტის წარმომადგენლებმა თურქ კოლეგებს გააცნეს მედიცინის პროგრამა და მისი თავისებურებები. შეხვედრაზე ერთობლივად განხილულ იქნა სამედიცინო განათლების აქტუალური საკითხები, კერძოდ, სწავლა-სწავლების და შეფასების უახლესი მეთოდები, რომელიც ფართოდ გამოიყენება აჯიბადემის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლაში.

ასევე, 2024-25 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრისთვის დაიგეგმა პროფესიული ტრენინგები სამედიცინო განათლების ახალი მიდგომების თაობაზე თსუ მედიცინის პროგრამაში ჩართული პერსონალისთვის.

თსუ-ს დელეგაციის წარმომადგენლებმა დაათვალიერეს მედიცინის სკოლა, სიმულაციური ცენტრი და საუნივერსიტეტო ჰოსპიტლები (მათ შორის, Altunizade და Ataşehir). 

სიმულაციურ ცენტრში მიმდინარეობს მსოფლიოში უმაღლესი დონის, თანამედროვე, უახლესი ტექნოლოგიებით უზრუნველყოფილი სიმულაციური სწავლება. ცენტრის ხელმძღვანელმა, ემინ აკსოიმ თსუ-ს დელეგაციას დეტალურად გააცნო კლინიკური და სიმულაციური სწავლების პრინციპები და შეფასების თავისებურებები. თსუ მედიცინის ფაკულტეტის სიმულაციური ცენტრის განვითარებისთვის დაიგეგმა ერთობლივი პროექტების შემუშავება.

ჰოსპიტლებში ვიზიტის დროს თსუ წარმომადგენლობა შეხვდა სხვადასხვა დარგის სპეციალისტებს. დაიგეგმა ჰისტოლოგიური პრეპარატების ციფრული ვერსიების ურთიერთგაზიარება და აჯიბადემის კლინიკათა ექიმების ჩართულობა დიაგნოზის დასმის პროცესში.

ვიზიტის ორგანიზატორები იყვნენ ჯანმრთელობისა და ტურიზმის საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებლები, თსუ-ს კურსდამთავრებულები ეკატერინე ნეფარიძე და ექიმ-რადიოლოგი ვასილ გერგედავა. ვიზიტი განხორციელდა საქართველოში აჯიბადემის კლინიკათა ქსელის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის ოსმან შეიოღლუს მხარდაჭერით.