ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სასწავლო კორპუსების სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა. თსუ მე-6 სასწავლო კორპუსში მსხვილი სარეაბილიტაციო სამუშაოები ათწლეულების განმავლობაში არ ჩატარებულა. თსუ რექტორის ჯაბა სამუშიას გადაწყვეტილებით, გასულ წელს დაიწყო და რამდენიმე დღის წინ დასრულდა კორპუსის ფასადის სარეაბილიტაციო სამუშაოები, სრულად გამოიცვალა კარ-ფანჯარა, შეიცვალა კონდიცირებისა და წყალარიდების სისტემა, დამონტაჟდა თანამედროვე ტიპის სახანძრო უსაფრთხოების სისტემა.

თსუ კანცლერის ლაშა საღინაძის განცხადებით, სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, მე-6 კორპუსის სარემონტო სამუშაოები მიმდინარე წელსაც გაგრძელდება, რომლის ფარგლებშიც იგეგმება ამ კორპუსის შიდა ინფრასტრუქტურისა და სახურავის დაზიანებული ნაწილის რეაბილიტაცია.

„თსუ მე-6 კორპუსში მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა. ახლა იგეგმება შიდა სამუშაოები. უახლოეს პერიოდში გამოცხადდება ტენდერი დაგეგმილი სამუშაოების განსახორციელებლად. სამუშაოების დასრულების შემდეგ თსუ მე-6 კორპუსი სრულად რეაბილიტირებული, შშმ პირებზე მორგებული, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი იქნება“- განაცხადა ლაშა საღინაძემ.