26 სექტემბერს, წმ. ქეთევან დედოფლის ხსენების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქო დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:
"დგება წმ. ქეთევან დედოფლის ხსენების დღე, - 26 სექტემბერი.
მისი მოწამებრივი აღსასრულიდან 400 წელთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ერთი წელი მიეძღვნება ამ საოცარი დედოფლის ღვაწლის წარმოჩენას.
შემოგთავაზებთ იმ ღონისძიებების ჩამონათვალს, რომელიც აღნიშნული მიზნით განხორციელდა და განხორციელდება უახლოეს მომავალში:
როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, პირველი კონფერენცია ჩატარდა თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში ორშაბათს, 23 სექტემბერს;
25 სექტემბერს 13:00 საათზე პარაკლისი გადახდილი იქნება გრემში (სადაც წმინდა დედოფალი ხშირად ესწრებოდა ღვთისმსახურებას).
რა თქმა უნდა, საზეიმო წირვა-ლოცვა ყველგან აღევლინება, მაგრამ ჩვენ ორ ადგილზე გავამახვილებთ ყურადღებას, - 25 სექტემბერს 16:00 საათზე ალავერდის ტაძარში დაიწყება საზეიმო ლოცვა, ხოლო 26 სექტემბერს 10:00 საათზე - საზეიმო წირვა, რომლის დროსაც გამოსვენებული იქნება ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები.
ამავე დღეს საზეიმო წირვა 09:30საათიდან აღევლინება მუხრანში, ქეთევან დედოფლის მშობლიური სოფლის საკათედრო ტაძარში; აქვე შენდება წმ. ქეთევან დედოფლის სახელობის ეკლესიაც, რომელიც, ვფიქრობთ, ერთ წელში დასრულდება და, ბუნებრივია, მსახურება შემდეგ იქაც აღევლინება.
26 სექტემბერს დედოფლისადმი მიძღვნილი პარაკლისი იქნება გადახდილი ,,შატო - მუხრანის“ სივრცეშიც.
26 სექტემბერს, 10:00 საათიდან, წმ. ქეთევანისადმი მიძღვნილი მოხსენებები წაკითხული იქნება მეცნიერებათა აკადემიაში გამართულ ქართველოლოგთა კონგრესზე.
წმ. ქეთევან დედოფალს მიეძღვნება, ასევე, ა.წ. 10-12 ოქტომბერს ეროვნული არქივის მიერ ორგანიზებული საერთაშორისო კონფერენცია.
სხვა ღონისძიებების შესახებ დამატებით გაცნობებთ."