საარჩევნო ადმინისტრაცია 2025 წლის მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებისთვის ემზადება, რომლის გამართულად და მაღალი პროფესიული სტანდარტებით ჩატარება უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. 

ამ მიზნით, არჩევნებისთვის განსახორციელებელი აქტივობების განხილვა და 2025 წლის სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია დღეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში გაიმართა. ღონისძიება ცესკოს თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა გახსნა და საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის იმ ძირითად მიმართულებებზე ისაუბრა, რომელიც სამოქმედო გეგმით არის განსაზღვრული და არჩევნების საერთაშორისო სტანდარტების ადმინისტრირებას შეუწყობს ხელს. ცესკოს თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ხსენებული საქმიანობების დაგეგმვასა თუ განხორციელებაში საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა აქტიური ჩართულობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.


„მიმდინარე წელი საარჩევნო წელია. საზოგადოებისთვის კარგად არის ცნობილი რომ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნები კომპლექსური არჩევნებია და შესაბამისად, კიდევ უფრო მეტად საყურადღებოა დაგეგმარებისა და ადმინისტრირების თვალსაზრისით. ამ მიზნით, ისევე როგორც სხვა გამოწვევებზე სათანადო პასუხის გაცემის მიზნით ინსტიტუციამ შეიმუშავა ახალი სამოქმედო გეგმა. სწორედ   სამოქმედო გეგმის წარდგენა და განხილვა გვქონდა დღეს თანამშრომლებთან მთელი საარჩევნო ადმინისტრაციის მასშტაბით,  როგორც ცესკოს აპარატის, ისე სწავლების ცენტრის და საოლქო საარჩევნო კომისიების დონეზე. მათთან  ერთად მიმოვიხილეთ  ყველა ის მნიშვნელოვანი აქტივობა, რომელიც უზრუნველყოფს როგორც ინსტიტუციურ გაძლიერებას, ისე 4 ოქტომბრის არჩევნების მაღალ პროფესიულ დონეზე ადმინისტრირებას“ - აღნიშნა გიორგი კალანდარიშვილმა.


დღევანდელ ღონისძიებაზე მონაწილეებს სამოქმედო გეგმა დეტალურად ცესკოს ადამიანური რესურსების მართვისა და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსმა თამარ ცერცვაძემ გააცნო. მან აღნიშნა, რომ 2025 წლის სამოქმედო გეგმა  საარჩევნო ადმინისტრაციის 2023-2026 წლების სტრატეგიული გეგმის შესაბამისად შემუშავდა, რომელიც შემდეგ სამ ძირითადი პრიორიტეტს მოიცავს - საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება; ინსტიტუციური გაძლიერება და ტექნოლოგიური განვითარება. ამასთან, თამარ ცერცვაძემ დეტალურად ისაუბრა სამოქმედო გეგმის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, პროცესში მონიტორინგისა და ანგარიშგების, ასევე პერიოდული შეფასების მნიშვნელობაზე. 


ღონისძიების დასასრულს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ არჩევნების მოდერნიზების მიმართულებით გაწეული საქმიანობისა და შესაბამისი შედეგების შესახებ მომზადებული საინფორმაციო ვიდეორგოლის „ელექტრონული არჩევნების დანერგვა საქართველოში“ პრეზენტაცია გაიმართა.