საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადება ტექნოლოგიური არჩევნების დისკრედიტაციის მცდელობასთან დაკავშირებით.
"საარჩევნო ადმინისტრაციამ 1 ოქტომბერს საარჩევნო ელექტრონული აპარატების გამოყენებით მორიგი წარმატებული არჩევნები ჩაატარა და არჩევნების მოდერნიზების პროცესში კიდევ ერთი ეტაპი დაასრულა. პირველი ოქტომბრის არჩევნებმა აჩვენა, რომ როგორც საარჩევნო ადმინისტრაცია, ისე ჩვენი საზოგადოება - ჩართული მხარეები და პირველ რიგში ამომრჩევლები მზად არიან ელექტრონული არჩევნებისთვის.
ჩვენ მიგვაჩნია, რომ არჩევნები საერთო საქმეა და ელექტრონული არჩევნების დანერგვა ყველა ჩართული მხარის ინტერესში თანაბრად უნდა შედიოდეს, თუმცა ზოგიერთ მედიასაშუალებაში ვისმენთ გადაუმოწმებელ, უსაფუძვლო და ამ უმნიშვნელოვანესი საარჩევნო პროცესის დამაზიანებელ განცხადებებს. საზოგადოებრივი ინტერესებიდან და თემის აქტუალობიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ არ დაზიანდეს ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი, გვინდა გამოვეხმაუროთ ტელეკომპანია ფორმულას ეთერში, გადაცემა „პოლიტმეტრში“ გამოთქმულ მოსაზრებებს.
ამჯერად სამიზნე საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიებია, რომელიც კიდევ უფრო მარტივს, სწრაფს და სანდოს ხდის არჩევნებს. სწორედ ტელეკომპანია „ფორმულას“ დაკვეთით ჩატარებული Edison Research-ის კვლევის თანახმად, მოსახლეობის 81% ელექტრონული ხმის მიცემის ტექნოლოგიების შემოღებას საქართველოში მიესალმება. გადაცემის სტუმარმა ნიკა გვარამიამ თემის კომენტირებისას განაცხადა, რომ ეს შედეგი იმიტომ დადგა, რომ ამომრჩეველმა არ იცის ტექნოლოგიების შესახებ.
სინამდვილეში, საარჩევნო ადმინისტრაცია ელექტრონულ ტექნოლოგიებს საპილოტე რეჟიმში 2018 წლიდან იყენებს და სწავლობს. გუშინ კი უკვე მერვე არჩევნები ჩატარდა ტექნოლოგიების გამოყენებით. ამასთან, საარჩევნო ადმინისტრაცია თავის მხრივ ამომრჩეველთა ინფორმირების მიზნით ფართომასშტაბიან და აქტიურ საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანიას აწარმოებს. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ ამ კვლევის შედეგი სწორედაც რომ თანხვედრაშია რეალობასთან. ინფორმირების კამპანია, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო აქტიურად გაგრძელდება და ყველა ამომრჩეველს ექნება ზუსტი ინფორმაცია თუ როგორ უნდა მისცეს ხმა ტექნოლოგიების გამოყენებით, როგორ ფუნქციონირებს იგი და რას ემსახურება მისი გამოყენება.
გადაცემაში ასევე აღინიშნა, რომ ტექნოლოგიები არჩევნების გაყალბებისთვის იქნება გამოყენებული და აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ არ გამოირიცხება ე.წ. კარუსელები, რადგან აპარატებს შორის ქსელური კავშირი არ არის. ეჭვები გამოითქვა სისტემის დაცულობასთან დაკავშირებითაც.
ამ სრულიად უარგუმენტო მოსაზრებების საპირისპიროდ, პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ საარჩევნო ელექტრონული აპარატებითა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფით საარჩევნო ადმინისტრაციას საერთაშორისო კომპანია „სმარტმატიკი“ ემსახურება, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში ელექტრონული არჩევნების ჩატარების დიდი გამოცდილება აქვს და შესაბამის ტექნიკას თავადვე აწარმოებს. 2000 წლიდან კომპანია გლობალური ლიდერია საარჩევნო ინდუსტრიაში და 30-ზე მეტ ქვეყანაში აქვს 115-ზე მეტი არჩევნების მოდერნიზების გამოცდილება, მათ შორის აშშ, კანადა, ბელგია, ალბანეთი, გერმანია და ა.შ. ამდენად საუბარი სისტემის გაუმართაობასთან დაკავშირებით მხოლოდ საზოგადოებაში უნდობლობის გაჩენას ემსახურება.
ელექტრონული აპარატები გამორიცხავს ე.წ. „კარუსელებსაც“. პირველ რიგში ვერიფიკაციის აპარატი სრულად გამორიცხავს საარჩევნო უბანზე კონკრეტული პირის ხელმეორედ ან ისეთ უბანზე შესვლას, სადაც ის რეგისტრირებული არ არის. გარდა ამისა, თითოეული ბიულეტენი უნიკალური და დაცულია, შეუძლებელია ერთი უბნისთვის განკუთვნილი ბიულეტენი სხვა უბანზე განთავსებულმა აპარატმა მიიღოს. ამასთან, საჯაროობის მაღალი ხარისხი იქნება უზრუნველყოფილი, ვინაიდან ვერიფიკაციის აპარატიდან ამოიბეჭდება მასში ჩატვირთული კონკრეტული საარჩევნო უბნის სია, რომელიც იქვე გამოკრულ ე.წ. კედლის სიასთან ერთად გამოიკვრება და ყველა უფლებამოსილ პირს ექნება მისი გადამოწმებისა და შედარების შესაძლებლობა.
ამავდროულად აღსანიშნავია, რომ მიუხედავად პროცესის გამარტივების მიზნით ამომრჩეველთა ვერიფიკაციის (რეგისტრაციის) აპარატების დანერგვისა, კანონმდებლის მიერ კვლავ გათვალისწინებულია მარკირების პროცედურის არსებობა. ამას გარდა, მარკირება არათუ საარჩევნო უბნებზე, არამედ სიახლის სახით გადასატანი საარჩევნო ყუთით მოსარგებლე ამომრჩევლების შემთხვევაშიც იქნება გამოყენებული.
დამატებით უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვერიფიკაციის აპარატებიდან ამომრჩევლის არჩევნებში მონაწილეობის უტყუარი დადასტურების მიზნით, ამოიბეჭდება ე.წ. ქვითარი, რომელზე ხელმოწერითაც ამომრჩეველი დაადასტურებს არჩევნებში მონაწილეობას.
სრულიად უსაფუძვლო განცხადება გაკეთდა საარჩევნო უბანზე მოსალოდნელ რიგებთან დაკავშირებითაც. ითქვა, რომ საღამოს მისულმა ამომრჩეველმა შესაძლოა ხმა ვერ მისცეს სწორედ ამ ფაქტორის გამო. სინამდვილეში, კანონმდებლობა არეგულირებს ხმის მიცემის წესს და ამბობს, რომ 20:00 საათისთვის რიგში მდგომ ყველა ამომრჩეველს აქვს შესაძლებლობა მიიღოს კენჭისყრაში მონაწილეობა. თუმცა ელექტრონული ტექნოლოგიები, ფაქტობრივად მინიმუმამდე ამცირებს საარჩევნო უბანთან რიგებს, ვინაიდან თითოეულ უბანზე ამომრჩეველთა რაოდენობის შესაბამისად განთავსდება როგორც ვერიფიკაციის, ისე ხმის მთვლელი აპარატები. როგორც მინიმუმ, ყველა საარჩევნო უბანზე განთავსებული იქნება ხმის მთვლელი 2 აპარატი, ასევე ამომრჩეველთა რაოდენობიდან გამომდინარე, შესაძლოა იყოს მეტიც. ვერიფიკაციის აპარატი კი საშუალებას იძლევა ამომრჩეველმა რეგისტრაცია ნებისმიერ თავისუფალ რეგისტრატორთან გაიაროს, რაც, თავის მხრივ, რიგში ყოფნის დროს ამცირებს. ვერიფიკაციის აპარატებიც, ასევე ამომრჩეველთა რაოდენობის შესაბამისად, 2-დან 5-ის ჩათვლით იქნება განთავსებული და სინქრონიზებული ერთმანეთთან.
ასევე, გვინდა შევეხოთ ემიგრანტების არჩევნებში მონაწილეობის საკითხს. საზღვარგარეთ გახსნილ საარჩევნო უბნებზე კენჭისყრის წესს საარჩევნო კანონმდებლობა ადგენს და საარჩევნო ადმინისტრაცია მოქმედებს კანონმდებლობის შესაბამისად. ხაზგასმით გვინდა განვმარტოთ, რომ ემიგრანტებს კენჭისყრაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმის მიუხედავად იმყოფებიან თუ არა საკონსულო აღრიცხვაზე. ამასთან, საარჩევნო კოდექსში რეფორმის ფარგლებში შესული ცვლილებებით, გაიზარდა საარჩევნო ადმინისტრაციისთვის/საკონსულოებისთვის მიმართვის ვადა.
კიდევ ერთხელ, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ელექტრონულ არჩევნებთან დაკავშირებით საარჩევნო ადმინისტრაციის გადაწყვეტილებები და საქმიანობა, სწორედ პილოტის ფარგლებში ჩატარებული არჩევნებისას მიღებულ გამოცდილებას, ასევე სხვა ქვეყნების გამოცდილების შესწავლას, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და თუ მოსაზრებებს ეფუძნება.
აგრეთვე, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უზრუნველყოფს პროცესის ღიაობას და ხელმისაწვდომობას, არის ე.წ. ქაღალდის კვალის არსებობა, რომელიც პირდაპირ პასუხობს ევროპულ სტანდარტებს და იძლევა შესაძლებლობას შემოწმდეს როგორც ვერიფიკაციის, ისე ხმის დათვლის პროცესის ყველა ეტაპი (ნულოვანი ქვითარი, აქტივობა, სია, წინასწარი შედეგები და ა.შ.), რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს რიგ დამატებით გარანტიებს კენჭისყრის პროცედურებთან მიმართებით მანიპულაციების პრევენციისა.
ასევე შესწავლილია ყველა ის უპირატესობა, რომელიც აღნიშნული ტექნოლოგიების დანერგვას მოჰყვება - მნიშვნელოვნად მარტივდება კენჭისყრის დღის პროცედურები; ადამიანური შეცდომები დაყვანილია მინიმუმამდე; მცირდება ხმის მიცემის და საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის დაყოვნების დრო; აპარატი უზრუნველყოფს ხმების ზუსტ დათვლას; ბიულეტენი უნიკალური და დაცულია; ვერიფიკაციის აპარატი უზრუნველყოფს საარჩევნო სიაში ამომრჩევლის სწრაფ იდენტიფიცირებას; ხმის მთვლელი აპარატები საშუალებას იძლევა ოპერატიულად დამუშავდეს მონაცემები, შესაბამისად უზრუნველყოფილია საზოგადოების დროული ინფორმირება. უნდა აღინიშნოს, რომ ელექტრონული აპარატები არ არის დაკავშირებული ინტერნეტის ქსელთან და შესაბამისად კიბერჩარევის საფრთხე არ არსებობს. უსაფუძვლო და გაუგებარი განცხადებები სწორედ ამ უპირატესობების უარყოფითად წარმოჩენას ემსახურება და ადასტურებს, რომ კონკრეტული პირები დაინტერესებული არიან არა საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობით, სანდოობითა და გაუმჯობესებით, არამედ არჩევნების მოდერნიზების პროცესის დისკრედიტაციით.
აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მაღალი საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით, ყველა იმ უბანზე სადაც ტექნოლოგიები იქნება განთავსებული, შედეგები გადაითვლება და მხოლოდ ამის შემდეგ შედგება შემაჯამებელი ოქმი. შედეგების გადათვლას კი საუბნო საარჩევნო კომისია უზრუნველყოფს, რომელიც 17 წევრისგან შედგება, საიდანაც 8 საოლქოს მიერ არჩეული წევრია, ხოლო 9 შესაბამისი უფლებამოსილი პოლიტიკური პარტიის მიერ დანიშნული.
აღსანიშნავია, რომ იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ტრადიციული წესით ჩატარდება, ბიულეტენები გაციფრულდება, შესაბამის უსაფრთხო პლატფორმაზე განთავსდება და იქნება საჯარო. რაც ნებისმიერ დაინტერესებულ პირს მისცემს შედეგების გადახედვის და შემოწმების შესაძლებლობას.
გვინდა შევახსენოთ ყველა ჩართულ მხარეს, საარჩევნო ადმინისტრაცია მუშაობს ღიაობის, გამჭვირვალობის დაცვის პრინციპით და მაქსიმალურად ითვალისწინებს სხვადასხვა ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებსა და მოსაზრებებს. დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ და დეტალურად გაეცნონ, თუ როგორ ემზადება ცესკო 2024 წლის 26 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნების ჩასატარებლად. ჯერ კიდევ გასულ წელს ჩართულ მხარეებთან, მათ შორის მედიასთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ექსპერტებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, თანამშრომლობის პლატფორმები ჩამოვაყალიბეთ, რომლის ფარგლებშიც ელექტრონულ აპარატებთან დაკავშირებით ვმართავდით დეტალურ პრეზენტაციებს, დისკუსიებს. ვისმენდით და შესაძლებლობის ფარგლებში ვითვალისწინებდით მათ მოსაზრებებს, მიგნებებს. ჩვენი უწყება ახლაც ღიაა და ვთავაზობთ დაინტერესებულ პირებს, ჩაერთონ ამ პროცესში და დეტალურად გაეცნონ თუ როგორ და რა პრინციპით მუშაობს აპარატები. ჩვენ მზად ვართ ამომწურავად ვუპასუხოთ მათ კითხვებს.
მანამდე კი გვინდა მივმართოთ დაინტერესებულ პირებს, თავი შეიკავონ უსაფუძვლო განცხადებების გაკეთებისგან. რადგან სწორედ ასეთი უსაფუძვლო, გადაუმოწმებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებით ზიანდება საარჩევნო გარემო, ზიანდება არჩევნების მოდერნიზებისა და ელექტრონული ტექნოლოგიების ფართომასშტაბიანი დანერგვის პროცესი. გვინდა მოვუწოდოთ ჩართულ მხარეებს - პოლიტიკურ პარტიებს, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას - დააყენონ არჩევნების მოდერნიზაციის უმნიშვნელოვანესი პროცესი ვიწრო ინტერესებზე მაღლა და ხელი შეუწყონ საარჩევნო ადმინისტრაციას მის განხორციელებაში. ჩვენ, ჩვენი მხრივ, ვპირდებით საარჩევნო პროცესის მთავარ ბენეფიციარებს - ამომრჩევლებს, რომ თითოეულ დეზინფორმაციაზე და სიცრუეზე გვექნება რეაგირება და ჩვენი აქტიური საინფორმაციო კამპანიებით, ყოველთვის უზრუნველვყოფთ თქვენთვის ობიექტური და ზუსტი ინფორმაციის მოწოდებას. შევახსენებთ ყველას, რომ არჩევნები საერთო საქმეა და ამაში ყველა ჩართულ მხარეს აქვს თავისი წილი პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე" - ნათქვამია ცესკოს გავრცელებულ ინფორმაციაში.