შეხვედრა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილმა, საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის დირექტორმა ნათია ზაალიშვილმა და „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის“ (IFES) წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილე დავით ღონღაძემ გახსნეს.
გიორგი კალანდარიშვილმა მედიის წარმომადგენლებს გააცნო ინფორმაცია საქართველოში საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის შესახებ. პრეზენტაციის მიმდინარეობისას მან დეტალურად ისაუბრა არჩევნების მოდერნიზების, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებისა და მათი დანერგვის მნიშვნელობის შესახებ.
„საარჩევნო გარემოს განვითარებასა და ელექტრონული საშუალებების ფართოდ დანერგვის პროცესში ამომრჩეველთა ინფორმირების მიმართულებით მედიას განსაკუთრებული როლი აქვს. სწორედ ამიტომ საარჩევნო ადმინისტრაცია ყოველთვის უწყობს ხელს მედიას, ჰქონდეს ზუსტი, ოპერატიული და ყოვლისმომცველი ინფორმაცია საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს შეხვედრაც, პირველ რიგში ამ მიზანს ემსახურება. შეიძლება ითქვას, რომ სწორედ მედია საშუალებებს აქვს ერთ-ერთი მთავარი როლი, ამომრჩევლებამდე მიიტანონ ობიექტური და დეტალური ინფორმაცია“,- აღნიშნა ცესკოს თავმჯდომარემ.
ორი დღის განმავლობაში ჟურნალისტები პირადად გაეცნენ როგორ მუშაობს საარჩევნო ელექტრონული აპარატები და როგორ ჩატარდება როგორც პირველი ოქტომბრის შუალედური/რიგგარეშე, ისე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები.
საკანონმდებლო სიახლეები, საარჩევნო ადმინისტრაციის კომუნიკაციის სტრატეგია და ამ მიმართულებით დაგეგმილი აქტივობები, არჩევნების გაშუქების საერთაშორისო სტანდარტები, მედიის როლი და უფლებრივი მდგომარეობა კენჭისყრის პროცესში, კენჭისყრის დღეს ფოტო/ვიდეო გადაღების რეგულაციები - ეს იმ საკითხების არასრული ჩამონათვალია, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციისა და IFES-ის წარმომადგენლებმა მონაწილეებს დეტალურად გააცნეს. გაიმართა დისკუსია. ჟურნალისტებმა ამომწურავი პასუხები მიიღეს მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე.
შეხვედრის დასკვნითი ნაწილი საარჩევნო ელექტრონული აპარატების დემონსტრირებას დაეთმო. გაიმართა იმიტირებული კენჭისყრა, სადაც ჟურნალისტებმა პრაქტიკაში გამოცადეს - ვერიფიკაციისა და ხმის დათვლის აპარატების მუშაობა.
სამუშაო შეხვედრა მედიის წარმომადგენლებთან ცესკოსა და სწავლების ცენტრის ორგანიზებითა და IFES-ის მხარდაჭერით, 23-24 სექტემბერს თელავში ჩატარდა.