ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) მორიგი საინფორმაციო ბრიფინგი გაიმართა. ცესკოს პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა მედიას მიაწოდა ინფორმაცია ამომრჩეველთა აქტივობისა და კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ.
უბნების დახურვამდე დარჩენილია სულ რაღაც ორი საათი. ამიტომ, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ამომრჩევლებს აქტიურობისკენ. რაც შეეხება ამომრჩეველთა აქტივობას 17:00 საათის მდგომარეობით, ამ დროისათვის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 31 888-მა (17.3%) ამომრჩეველმა. ზოგადად საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. 20:00 საათზე კენჭისყრის პროცესის დასრულების შემდეგ დაიწყება ხმის დათვლის პროცედურები.
იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს, გადასატან საარჩევნო ყუთში არსებული საარჩევნო ბიულეტენების ძირითად საარჩევნო ყუთში მოთავსების პროცედურის დასრულების შემდეგ, ხმის დათვლის სპეციალური ელექტრონული აპარატიდან საუბნო კომისიის თავმჯდომარე ამობეჭდავს წინასწარი შედეგების შესახებ ამონაწერს და ინფორმაცია უმოკლეს ვადაში გადმოიგზავნება ცესკოში. რის შემდეგაც, ჩვენ გვექნება საშუალება აღნიშნული უბნებიდან მიღებული მონაცემების საფუძველზე გამოვაქვეყნოთ წინასწარი, პირველად შედეგები.
რაც შეეხება იმ საარჩევნო უბნებს, სადაც კენჭისყრა ტრადიციული წესით მიმდინარეობს, მას შემდეგ რაც 20:00 საათზე დაიხურება უბნები, ხმის დათვლის პროცედურები დაიწყება. შემაჯამებელი ოქმები პლანშეტის საშუალებით პირდაპირ ცესკოში გადმოიგზავნება, რაც კიდევ უფრო შეამცირებს შედეგების დამუშავებისა და შემდგომი გამოქვეყნების დროს. საუბნო შემაჯამებელი ოქმები აიტვირთება სპეციალურ ვებგვერდზე results.cec.gov.ge.
აქვე შეგახსენებთ, რომ ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს ონლაინ დააკვირდეს არჩევნების წინასწარი შედეგების შეჯამების პროცესს ცესკოში ინტერნეტით ტრანსლირების საშუალებით. ტრანსლაცია 360 გრადუსიანი ტექნოლოგიის გამოყენებით ცესკოს ოფიციალურ გვერდზე, Facebook-სა და Youtube-ზე განხორციელდება.
რაც შეეხება ინფორმაციას საჩივრებთან დაკავშირებით, ამ დროისთვის მხოლოდ 1 საჩივარია დაფიქსირებული, რომელსაც, რა თქმა უნდა, მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, - განაცხადა ბრიფინგზე ნათია იოსელიანმა.