გაზზე გადაყვანილ მიკროავტობუსებს ტექნიკური შემოწმება, სახელმწიფო ორგანიზაციის მიერ შესაბამის აკრედიტირებულ ორგანიზაციაში აქვთ გავლილი, - ამის შესახებ „აიპრესს“ „თბილისის მიკროავტობუსებში“ განუცხადეს.
კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია მიქიაშვილი საავტომობილო ფედერაციის პრეზიდენტის შალვა ოგბაიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც დედაქალაქის ქუჩებში 100-მდე გაზზე გადაყვანილი მიკროავტობუსი დადის, რაც მისი შეფასებით, „მოსიარულე ბომბებია“. მან ეს განცხადება „აიპრესთან“ საუბრისას გააკეთა.
მიქიაშვილი კი აცხადებს, რომ ეს რიცხვი გაცილებით მცირეა, რაზეც პასუხისმგებლობას კომპანია იღებს.
„ამ მიკროავტობუსებს გავლილი აქვთ ტექნიკური შემოწმება, სახელმწიფო ორგანიზაციის მიერ შესაბამის აკრედიტირებულ ორგანიზაციაში. მოგეხსენებათ, ბუნებრივ აირზე გადაყვანილი ავტომანქანების შემოწმების უფლება სულ რამდენიმე ორგანიზაციას მიეცა. შესაბამისი შემოწმება იქ აქვთ გავლილი. ოღონდ გაზზე სულ რამდენიმე მიკროავტობუსია გადაყვანილი.
საწვავის ფასის ზრდის გამო, კომპანიამ ბუნებრივ აირზე გადაყვანის საპილოტე პროგრამა შეიმუშავა იმისათვის, რომ მგზავრობის ღირებულება არ გაზრდილიყო. თუმცა მოგვიანებით საწვავმა დაიკლო და ეს აღარ გახდა საჭირო. არ ვადასტურებ, რომ 100-მდე სამარშრუტო ტაქსია გაზზე გადაყვანილი, გაცილებით მცირე რიცხვია“, - განუცხადა ნათია მიქიაშვილმა „აიპრესს“.
კითხვაზე, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას კომპანია იღებს თუ არა პასუხობს, რომ „დიახ“.