ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 99 წლის იუბილეს აღნიშნავს. კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი 1918 წლის 8 თებერვალს, დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს გაიხსნა.
უნივერსიტეტის მთავარი დამფუძნებელი იყო ცნობილი ქართველი ისტორიკოსი, აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი. თანადამფუძნებლები იყვნენ: კონსტანტინე აფხაზი, გრიგოლ გველესიანი, ექვთიმე თაყაიშვილი, გიორგი ახვლედიანი, შალვა ნუცუბიძე, დიმიტრი უზნაძე, გრიგოლ წერეთელი, აკაკი შანიძე, ანდრია რაზმაძე, იოსებ ყიფშიძე, კორნელი კეკელიძე და პეტრე მელიქიშვილი. პროფესორი პეტრე მელიქიშვილი, მსოფლიო სახელის მქონე ქართველი ქიმიკოსი, რუსეთის საიმპერატორო აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ივანე ჯავახიშვილის წარდგენით, არჩეულ იქნა უნივერსიტეტის პირველ რექტორად. უნივერსიტეტის გახსნის დღეს მის ეზოში საზეიმო წირვა აღავლინა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა კირიონმა.
1922 წლის 15 იანვარს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიქმნა პოლიტექნიკური ფაკულტეტი, რომლის ბაზაზე 1928 წელს ჩამოყალიბდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი.
1919-1926 წლებში თსუ-ის რექტორი იყო ივანე ჯავახიშვილი. 1926 წელს, საბჭოთა რეჟიმის გადაწყვეტილებით, იგი გაათავისუფლეს რექტორის მოვალეობისგან. ამასთან, მას კარგა ხნით აეკრძალა მის მიერვე დაარსებულ უნივერსიტეტში ლექციების წაკითხვა.
1991 წლის 14 ოქტომბერს თსუ–ის რექტორად დაინიშნა როინ მეტრეველი. 1992 წელს მისი ძალისხმევით თსუ–მ ავტონომიური უმაღლესი სასწავლებლის სტატუსი აღიდგინა (მართავს დიდი საბჭო), რაც 1926 წლის შემდეგ დაკარგული ჰქონდა. 1992 წლის 18 აპრილს უნივერსიტეტის დიდმა საბჭომ როინ მეტრეველი თსუ-ის რექტორად აირჩია. პეტრე მელიქიშვილისა და ივანე ჯავახიშვილის შემდეგ როინ მეტრეველი პირველი არჩეული რექტორი იყო.
1989 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს ივანე ჯავახიშვილის სახელი მიენიჭა.




