ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განცხადება ნინოწმინდის პანსიონატში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე კომენტარი გააკეთა:
„როგორც საპატრიარქომ, ასევე სახელმწიფომ და საერთაშორისო პარტნიორებმა ერთობლივად დავაფიქსირეთ, რომ მნიშვნელოვანია ბავშვის საუკეთესო ინტერესი და მათი უფლებების დაცვა. ქვეყანაში გვაქვს ბავშვის უფლებათა კოდექსი, ოჯახის გაძლიერების პოლიტიკა, რომელიც მიმართულია დიდი ზომის ინსტიტუციების ნაცვლად ოჯახის გაძლიერებაზე და ოჯახთან მიახლოვებული ალტერნატიული ზრუნვის სერვისების ჩამოყალიბებაზე, როგორიც არის მინდობით აღზრდა, მცირე საოჯახო ტიპის სახლები. შევთანხმდით, რომ დიდი ინსტიტუცია აღარ არის ქვეყნისთვის პრიორიტეტი და არ შეიძლება, ის წახალისებული იყოს. ჩვენ იმავე ფორმატში გავაგრძელებთ თანამშრომლობას, როგორც ნინოწმინდაში, ასევე სხვაგან, რომ დიდი ზომის ინსტიტუციებში ბავშვების შეფასება, მათი საუკეთესო ინტერესების გამოვლენა და ოჯახში ინტეგრაცია იყოს წახალისებული. ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონატში 23 ბავშვი რჩება. ჩვენ ვმუშაობთ ოჯახების მოძიებაზე, მათ გაძლიერებაზე იმისთვის, რომ მოხდეს პირველ რიგში, ოჯახში ინტეგრაცია და ეს პროცესი გაგრძელდება. ადგილზე სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს შესაბამისი სპეციალისტები ამ დრომდე მუშაობენ.“ - განაცხადა თამარ ბარკალაიამ. დღეის მდგომარეობით, სახელმწიფო ზრუნვის სააგნეტომ ნინოწმინდის პანსიონატიდან 30 ბავშვის გაყვანა უზრუნველყო.